ახალქალაქის მერიამ ახალი სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.

22 ოქტომბერს ახალქალაქის მერიამ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი სასაფლაოს მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ორწლიანია და 2025 წელს უნდა დასრულდეს. ახალი სასაფლაოს კეთილმოწყობის საწყისი ფასი 294 803 ლარია. სამუშაოს შესრულების ვადა 70 დღეა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში: 2024 წელი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე (ამინდის გაუარესებამდე), 2025 – ამინდის გაუმჯობესების შემდეგ – 40 კალენდარული დღე.

სასაფლაო 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ტენდერი 4 ნოემბერს დასრულდება.

აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით 10 ჰექტარი, მდებარეობს ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალების სომხეთთან და თურქეთთან დამაკავშირებელ შემოვლით გზასთან.

ახალქალაქის ძველი სასაფლაო ათწლეულების მანძილზე მთლიანად შეივსო და თანდათან მოსახლეობამ სასაფლაოს გვერდით, ამირანის გორის ძირში დაიწყო საფლავის ადგილის დაკავება. სასაფლაო ჰორიზონტალურად იყო გაშლილი რამდენიმე ასეულ მეტრზე რამდენიმე იარუსად. სასაფლაოზე გამავალი გზა ასფალტირებული იყო. ახლა სასაფლაო გზიდან ათეულობით მეტრშია გაშლილი, ძირითადად, ახალ საფლავებს ერთ ზოლში აკეთებენ, რაც სასაფლაოს ჰორიზონტალურად რეკრეაციული ზონისკენ აფართოებს.