დღეს, 6 სექტემბერს, HEKS-EPER Georgia-სა და ახალქალაქის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება თანაბარი და ყოვლისმომცველი მონაწილეობისთვის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მენეჯერმა გიორგი თვალიშვილმა და ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და ხელი შეუწყონ მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში.
„პროექტის მიზანი- ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების ჩართვა ბიუჯეტის დაგეგმვაში, გენდერულ საკითხებსა და ეროვნული უმცირესობების უფლებებში, ბიუჯეტის უფრო ზუსტი დაგეგმვისა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ყველა საკითხის განხილვაში”,- განაცხადა Jnews-თან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი თვალიშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, მერია მზად არის მხარი დაუჭიროს პროექტის დაგეგმილი აქტივობების შეუფერხებლად განხორციელებას, როგორიცაა ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მონაწილეობა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა პატრიციპატორულ და გენდერულ-მგრძნობიარე ღონისძიებებში, ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები, რომლებიც აკმაყოფილებს გენდერული ბიუჯეტირებისა და შეფასების კამპანიის პოლიტიკოსების მოთხოვნებს.
HEKS-EPER Georgia იღებს ვალდებულებას საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ, მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ჩართოს პროექტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები აქტივობებში.