დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის გზა ჩაიკეტა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ზოგან გზა უკვე გახსნილია, ზოგან კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები.

მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა თოვლი და ძლიერი ქარბუქია, რის გამოც,  ზოგ სოფელში გზები გადაკეტა, მათ შორის, სოფლებში: ხავეთში, დადეშში, აბულში, თახჩაში, ბუზავეთში, ოლავერდსა და მაჯადიაში.

მერიაში განაცხადეს, რომ ამ სოფლებში თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

„კი, არის დაკეტილი გზები, მაგრამ ვმუშაობთ და გზების 80-90% უკვე გახსნილია, სოფელ აბულის, თახჩას, ბუზავეთის, მაჯადიას მიმართულებით უკვე გახსნილია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა გზებზე სოფელ ოლავერდის მიმართულებით“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.

Jnews-თან სატელეფონო საუბარში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასოფლო გზების გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია “ჯავახავტო გზაში” აცხადებს, რომ სამუშაოები გუშინ და დღესაც გრძელდება.

:”გუშინ სოფელ აბულში, თახჩაში ვმუშაობდით, მაგრამ ძლიერი ქარი იყო, გავჩერდით და დღეს გავაგრძელებთ, გვაქვს საკმარისი აღჭურვილობა“, – ამბობს კომპანია „ჯავახ ავტო გზის” დირექტორი, ნოდარ ინასარიძე.