ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო ბიუჯეტირების კომისიამ ქალაქში კეთილმოწყობის მიზნით მოქალაქეებისგან მიღებული სამი იდეა განიხილა. 7 ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, მერიაში ახალქალაქის მოსახლეობა კენჭისყრაზე ორ იდეას წარადგენს.

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტირების დაფინანსების კონკურსში სამი იდეა მიიღო. 31 ოქტომბერს მერიის სამოქალაქო ბიუჯეტირების კომისიამ სამივე პროექტი განიხილა, რის შედეგადაც კომისიამ ერთი იდეა უარყო, რადგან სამოქალაქო ბიუჯეტირების კომისიის მდივნის, ქსპოიან კარინეს თქმით, მერია კერძო საკუთრების გაუმჯობესებას ვერ აფინანსებს. უარყოფილი იდეა კი კერძო საკუთრებაში მყოფი ქალაქის ავტოსადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობას ეხებოდა.

დანარჩენი ორი იდეა: ჭგნავრის სალოცავამდე გზის კეთილმოწყობა და ქუჩების სახელწოდებით აბრების დაყენება კენჭისყრაზე გაიტანეს. კენჭისყრა 7 ნოემბერს მერიაში გაიმართება. ხმის მიცემა 12:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

კენჭისყრაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. კარინე ქსპოიანის თქმით, მოწვეულნი არიან იდეების ავტორებიც, რომლებმაც კენჭისყრის დაწყებამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი პროექტები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირება 2023 წელს ორგანიზაცია „HEKS-EPER Georgia“-ს პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის პარტნიორის, ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის“ (SCCSF) მხარდაჭერით დაინერგა. 2024 წლის ბიუჯეტში 30 000 ლარი იყო გამოყოფილი ახალქალაქის მოსახლეობის მიერ შარშანდელ საუკეთესო იდეის განსახორციელებლად. ეს თანხები მოხმარდა ახალქალაქის ცენტრალურ პარკში დიდი ინტერაქტიული ბილბორდის დამონტაჟებას. მომავალ წელს ბიუჯეტის სამოქალაქო ნაწილისთვის 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

ახალქალაქში მცხოვრებთაგან განაცხადების მიღებაზე კონკურსი წელს 15 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდა, თუმცა მერიას იდეით არავინ მიმართა. 23 აგვისტოს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება განაცხადების მიღების ვადა 2 კვირით, 6 სექტემბრამდე გახანგრძლივდეს.