ახალქალაქიდან თოჯინების თეატრი „პუი პუი“ 15-დან 18 დეკემბრამდე, ბაკურიანში გამართულ ფესტივალ „მზიური საქართველოში“ მონაწილეობდა.

ფესტივალი „მზიური საქართველო“ ბაკურიანში უკვე მესამედ გაიმართა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული, რვა თეატრალური დასი მონაწილეობდა. მათ შორის, ახალციხის, ჭიათურის, წყალტუბოს, ბათუმის, გურჯაანის შემოქმედებითი ჯგუფები.

ახალქალაქის თოჯინების თეატრი „პუი პუი“, მაყურებლის წინაშე ფესტივალის მეორე დღეს წარსდგა. მათ სომხურ ენაზე წარმოადგინეს ქართული ზღაპარი „მელას განაჩენი“.

ფესტივალის 4 დღის განმავლობაში, სპექტაკლების გარდა, თოჯინების აღლუმებიც გაიმართა, რის შემდეგაც, თეატრალურმა დასებმა ადგილობრივი მაყურებლისთვის, სურვილისამებრ, პატარა მუსიკალური წარმოდგენები გამართეს.

 

Samvel Xodikyan1

მე-4 დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ახალქალაქის თოჯინების თეატრი „პუი პუი“, სამველ ხოდიკიანის ხელმძღვანელობით, დაჯილდოვდა რეჟისურისა და თეატრის სიცოცხლისუნარიანობისთვის. სამველ ხოდიკიანმა საუკეთესო თოჯინების მწარმოებლის წოდება მიიღო.

„ბაკურიანის მოსახლეობა უმაღლეს დონეზე დაგვხვდა, რა თქმა უნდა, ეს იყო ფესტივალის ორგანიზატორის, თეა დავითაიას და მისი გუნდის – ბესო ლომსაძის, ხვიჩა ახალაიას და სხვათა დამსახურება. ჩვენთვის ექსკურსიაც კი მოაწყვეს, ჩვენთვის კოხტა გორას საბაგიროც კი ჩართეს“, – ამბობს სამველ ხოდიკიანი.

Samvel Xodikyan 2

ახალქალაქის თოჯინების თეატრის ფესტივალ “მზიან საქართველოში” მონაწილეობისთვის მგზისა და სასტუმროს ხარჯი ახალქალაქის მერიამ გაიღო.