მოსავლის დაზღვევა ახალქალაქის ფერმერებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა სეტყვა და სხვა სტიქიური უბედურებები მათ მოსავალს ყოველწლიურად აფუჭებს. წელს დაზღვევაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ბევრი ფერმერი ამბობს, რომ მიწა სახელმწიფო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.

 

ყოველწლიურად ახალქალაქის ბევრი ფერმერი განიცდის სეტყვას, რომელიც მათ კარტოფილსა და მარცვლეულის მინდვრებს აზიანებს, ისინი დიდ ზარალს განიცდიან. მაგრამ მაინც უარს ამბობენ მოსავლის დაზღვევაზე. უარს ზოგი ფინანსების ნაკლებობით ხსნის, ზოგი სადაზღვევო კომპანიებისადმი უნდობლობით, ზოგიც იმით, რომ მათი მიწები რეესტრში არ არის დარეგისტრირებული. ბევრი ფიქრობდა, რომ მერია დაზღვევის გარეშეც აუნაზღაურებდა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს. მაგრამ, ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელზეც მთავრობა დიდ თანხებს ხარჯავს, მერია დაზარალებულებს ვერ დაეხმარება.

სოფელ ალასტანიდან სიმონ მანანიანი ამბობს, რომ მისი იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის და ამიტომ ვერ დააზღვევს.

„ჩემი იჯარით აღებული მიწები არის ძალიან საშიშ ადგილას (სეტყვა ხშირად მოდის), მაგრამ არ არის რეგისტრირებული, ამ ნაკვეთებზე დოკუმენტი რომ მქონდეს დავაზღვევდი. ჩემს საკუთარ მიწებსაც არ ვაზღვევ, მაგრამ ამ ადგილებში სეტყვა არ არის, ჩვენს სოფელში ძლიერი სეტყვა არასდროს მოდის“, – ამბობს სიმონ მანანიანი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში.

მიწები აზავრეთელმა ზაქარიან ბაგრატმაც არ დააზღვია და მიზეზი რეგისტრაციის არქონაა.

„არ ვაზღვევდი, რადგან სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები ჩვენს სოფელში ჯერ არ ჩამოსულან, თუმცა, განრიგის მიხედვით, რეგისტრაცია მაისში უნდა დაწყებულიყო ჩვენს ტერიტორიულ ოლქში, რადგან მიწის დარეგისტრირების შემთხვევაში სადაზღვევო საფასური იაფია, ვიდრე რეგისტრაციის გარეშე, ამიტომ არ აზღვევენ“, – ამბობს ზაქარიან ბაგრატი.

რამაზ გოგოლაძემ სოფელ ბარალეთიდან წელს მხოლოდ ის ნაკვეთები დააზღვია, სადაც ძვირადღირებული კარტოფილის თესლი დათესა.

“3 ჰექტარი მარცვლეული და 50 მეასედი კარტოფილის ველი დავაზღვე, მაგრამ მომავალ წელს დაზღვეული მინდვრების რაოდენობას გავზრდი. დაზღვევა, ჩემი აზრით, ერთადერთი დახმარებაა კატასტროფის შემთხვევაში”, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

სოფელ კოჩიოდან ანდრანიკ ოჰანჯანიანმა 4 ჰექტარი კარტოფილი დათესა და მოსავალი არ დააზღვია. წელს კი სოფელ კოჩიოში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დათესილი კარტოფილი მიწიდან ჩამორეცხა.

“ასეთი სტიქია და ამხელა ზარალი არასდროს გვქონია და ამიტომ არ დავაზღვიე. დიახ, წელს იყო ზარალი, შეიძლება მომავალ წელს დავაზღვიო. წელს, ზარალის შემდეგ, ალბათ ბევრი დაიწყებს დაზღვევას”, – თქვა ანდრანიკ ოგანჯანიანმა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კოჩიოში უფასო რეგისტრაცია 2023 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, ის არც კი დაწყებულა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფო უფასო რეგისტრაცია გრაფიკს ჩამორჩება. გასულ წელს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სოფელ დილისკაში გაზომვები ჩაატარეს და ეს სამუშაო დაასრულეს. მიმდინარე წელს პროცესი ჯერ არ განახლებულა, თუმცა, გრაფიკის მიხედვით, მარტში უნდა განახლებულიყო.

სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს. სოფლის მეურნეობის დაზღვევის სფეროში უამრავი სადაზღვევო კომპანია მუშაობს. წელს ამ მიმართულებით ბაზარზე 6 კომპანია მუშაობს: „ალდაგი“, სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“, „არდი“, „თიბისის“ დაზღვევა, „ნიუ ვიჟენის სადაზღვევო“, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“.

ახალქალაქში ოფისი მხოლოდ კომპანია „ალდაგს“ და „ნიუ ვიჟენის სადაზღვევოს“ აქვთ.

მოსავლის დაზღვევა სახელმწიფო პროგრამაა. სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის თანხის 70%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 30%-ს მიწის მესაკუთრე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა კომპანია ნათესებს სეტყვის, წყალდიდობის, შემოდგომის ყინვისა და ქარიშხლისგან აზღვევს.

კარტოფილის მინდორზე 1 ჰექტარზე დაზღვეული ჯამური თანხა 1275 ლარია, საიდანაც 382,50 ლარს ფერმერი იხდის, ხოლო 892,50 ლარს სახელმწიფო. დაზღვევის სტანდარტით, კარტოფილის 1 ჰექტარ მინდორზე 100%-იანი ზიანისთვის შეგიძლიათ მიიღოთ 15 000 ლარი. ეს თანხა გამოითვლება 1 კგ კარტოფილის ღირებულებით 0,60 თეთრი და 25000 კგ/ჰა მოსავლიანობით.