ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის სამხრეთ გარეუბანში ახალი სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის თანხა გამოყო, თუმცა სასაფლაოს მიწის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ახალი სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობის ხარჯებს, რისთვისაც 107 524 ლარია გამოყოფილი.

ახალი სასაფლაოს ტერიტორია უკვე მონიშნულია და მიმდინარეობს ამ ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროდან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის პროცესი, რათა მერიამ ის სასაფლაოს სახით მოაწყოს. ეს ტერიტორია, დაახლოებით 10 ჰექტარი, ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალების სომხეთთან და თურქეთთან დამაკავშირებელ შემოვლით გზასთან მდებარეობს.

„მიწის გადაცემის პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ წელს მივაღწევთ მიზანს, რადგან უკვე ბოლო ეტაპზე ვართ. დავუკავშირდით, დოკუმენტების ოფიციალურად გადმოცემას ველოდებით, ესე იგი მიწა გადაგვეცემა ჩვენ. ამისთვის თანხა უკვე გამოყოფილია, როგორც კი გადმოგვცრმენ, ტენდერს გამოვაცხადებთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

ახალქალაქის ძველი შემოღობილი სასაფლაო ათწლეულების მანძილზე მთლიანად შეივსო და თანდათან მოსახლეობამ ამირანის გორის ძირში სასაფლაოს გვერდით ადგილის დაკავება დაიწყო. სასაფლაო ჰორიზონტალურად რამდენიმე რიგად რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გავრცელდა. სასაფლაოზე მიმავალი გზა ასფალტირებულია. ახლა სასაფლაო გზიდან ათობით მეტრშია გაშლილი, ახალ სასაფლაოებს ერთ ხაზზე თხრიან, რაც სასაფლაოს ჰორიზონტალურად რეკრეაციული ზონისკენ აფართოებს.