განაცხადების არარსებობის გამო სამოქალაქო ბიუჯეტირების კონკურსის ვადის 2 კვირით გახანგრძლივების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას იდეების კონკურსში მონაწილეობის არც ერთი განაცხადი კვლავ არ მიუღია. ახალქალაქში სამოქალაქო ბიუჯეტირება უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირება ორგანიზაცია „HEKS-EPER Georgia“-ს პროექტის ფარგლებში 2023 წელს სამცხე-ჯავახეთის პარტნიორის, ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) მხარდაჭერით დაინერგა. 2024 წლის ბიუჯეტში 30 000 ლარი იყო გამოყოფილი ახალქალაქის მოსახლეობის მიერ შარშანდელი საუკეთესო იდეის განსახორციელებლად. ეს თანხები ახალქალაქის ცენტრალურ პარკში დიდი ინტერაქტიული ბილბორდის დამონტაჟებას მოხმარდა. მომავალ წელს ბიუჯეტირების სამოქალაქო ნაწილისთვის 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმებოდა.
მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით ახალქალაქის მოსახლეობის მხრიდან განაცხადების მიღებაზე კონკურსი გამოცხადდა, თუმცა მერიას იდეით არავინ მიმართა. 23 აგვისტოს მერიამ განაცხადების მიღების ვადის 2 კვირით, 6 სექტემბრამდე, გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადები მერიას კვლავ არ მიუღია.
„არც ერთი იდეა არ მიგვიღია, არ ვიცი, გამოვყოფთ თუ არა სახსრებს და რის საფუძველზე უნდა გამოვყოთ. არ ვიცით, რას გავაკეთებთ“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა.
აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის მერიაში 4 პროექტი შევიდა და განაცხადების მიღების ვადაც ერთხელ გაგრძელდა.