ხოზაფინის ტბა სოფელ კარწახში მდებარეობს და ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაშია შესული. ეს გარემოება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოყვარულ მეთევზეებს ხელს არ უშლის ითევზაონ ტბაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ტბაში ძალიან ცოტა თევზი დარჩა.
იყო შუადღე, მზე ანათებდა, ტბის ნაპირას 8 მანქანა იდგა, გარშემო სიწყნარე იყო, ტბასთან ანკესებით ხელში, მხოლოდ მეთევზეები ისხდნენ. როდესაც მათთან ახლოს მივედით, გაირკვა, რომ ამ დღეს ყველა უკმაყოფილო იყო, რადგან თევზი არ ამოდიოდა.
მოყვარული მეთევზეები აქ სათევზაოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან. ვინაიდან ტბა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ თევზაობა ფასიანია: ადგილობრივებისთვის 5 ლარი, ჩამოსულებისთვის კი 10 ლარი ღირს. თევზაობის სეზონი ტბაზე მაისიდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.
სოფელ პატარა გონდურადან ოგანეს ნაზარიანი ბავშვობიდან მეთევზეობითაა დაკავებული, მას ეს საქმიანობა ძალიან მოსწონს, მაგრამ ამჯერად კარგი თევზაობა არ იყო.
“მესამედ მოვდივარ აქ, წელს თევზი არ არის, ადრე ბევრ თევზს ვიჭერდი, 40-50 ცალობით. ჩვენ დღეს 3კგ თევზი დავიჭირეთ, მაგრამ 10კგ თევზის თანხა დავხარჯეთ. მე ვაჭრობისათვის არ ვთევზაობ, უბრალოდ ეს ჩემი სიამოვნებისთვის. დღეს 5 საათიდან აქ ვარ, მაგრამ მხოლოდ 5 ცალი დავიჭირე. ერთ საათში წავალ, დღეს სათევზაო დღე არ ყოფილა”,- ყვება ოგანეს ნაზარიანი.
ხოზაფინის ტბაზე თევვზს მხოლოდ ანკესით იჭერენ. ტბაში ძირითადად კარჩხანას იჭერენ, თუმცა ჭაფალა და საზანიც არის. ტბაში კიბორჩხალებიც არის. მეთევზეების თქმით, ხოზაფინის ტბის კარჩხანა უფრო გემრიელია, ვიდრე კალმახი, რომელიც მაღაზიაში იყიდება.
ერთი თბილისიდან ჩამოსული მეთევზე ასევე უკმაყოფილო დარჩა.
“უკვე მესამედ ჩამოვდივარ და ვერაფერი ვერ დავიჭირე. ჩემი ახლობლები იყვნენ აქ და ჩამოსვლა მირჩიეს. მათ ბევრი დაიჭირეს,- ამბობს მეთევზე, და ხუმრობით ამატებს,- ჯიუტი ვარ, სანამ არ დავიჭერ, აქედან არ წავალ”.
ლევან შემეში, მოყვარული მეთევზეა თბილისიდან. ის ძალიან უკმაყოფილო იყო, რადგან ვერცერთი თევზი ვერ დაიჭირა.
“ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ჩამოსვლაა. ბუნება ძალიან კარგია, სუფთა ჰაერია, მაგრამ ეს გულს არ გითბობს. პირველ რიგში, ვერცერთი თევზი ვერ დავიჭირე, მეორე რიგში კი, ჩვენ არ ვიცოდით, რომ აქ ელემენტარული პირობები არ არის”,- ამბობს ლევან შემეში.
ვაჩიკაც თბილისიდანაა ჩამოსული, შვილიშვილთან ერთად არის. მისი მთავარი მიზანია შვილიშვილს ჯავახეთის კუთხე გააცნოს და ბუნების სიყვარული ასწავლოს. მისი თქმით, ის უკმაყოფილო არ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თევზის გარეშე დაბრუნდება. როგორც თვითონ ამბობს, მთავარია მან შვილიშვილათან ერთად კარგი დრო გაატაროს.
“თევზი არ არის, დილიდან ვსხედვართ. სიამოვნებისთვის ჩამოვედით. ჩვეულებრივ წალკაში დავდივარ, მაგრამ ამჯერად აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. ჩვენთვის ძალიან შორია, ბევრი თევზიც რომ დავიჭირო, მაინც, 250კმ ჩემთვის ბევრია. ყოველთვის ამხელა გზას ვერ გავივლი”,- ამბობს ვაჩიკი.
ეროვნული პარკის რეინჯერის თამაზ კარაპეტიანის თქმით, ადრე ხოზაფინის ტბაზე სათევზაოდ ბევრი ხალხი მოდიოდა. “ბოლო წლებში ნაკლები მეთევზე ჩამოდის, ალბათ, თევზი შეცოტავდა”,- ამბობს თამაზ კარაპეტიანი.
კარწახის ტბა ორ ნაწილად იყოფა, ტბის ერთი ნაწილი საქართველოშია, ხოლო მეორე თურქეთში. საქართველოში ტბას ხოზაფინს უწოდებენ, ხოლო თურქეთში აკტაშს ეძახიან.
ტბა სოფელ კარწახთან ახლოს მდებარეობს და ჯავახეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებში შედის.