სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მუშების ხელფასები მკვეთრად გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შპს „აგრო1959“- ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მუშის დღიური ანაზღაურება, თითქმის, გაორმაგებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, კადრებს მაინც ვერ პოულობენ.
„მშენებლობა იქნება ეს, სერვისები თუ სოფლის მეურნეობა, არ არსებობს ეროვნული მეურნეობის არც ერთი მიმართულება, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტი არ არის. მუშა ძნელი მოსაპოვებელი ხდება, ადამიანს მოჰყავს პროდუქცია და აღება პრობლემურია. მე პირადად სოფელ რუისში ხეივანი მაქვს მოსაკრეფი და მუშას ვერ ვნახულობ იმიტომ რომ, ვინც მუშაობს, მათი სამუშაო დიდი ხნით ადრე გაწერილია.
ამავე დროს მკვეთრად გაიზარდა ანაზღაურება. დღიურად 25-30 ლარის ფარგლებში იყო და 60-70 ლარზეა ასული. დღეს სახელმწიფო პროგრამები მუშაობენ ისეთ ერთწლიან პროდუქტებზე, რაც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ეს არის ხელშემწყობი, 100 ათას ლარამდე არის პროგრამა, იღებ სესხს, სახელმწიფო 1 წლის მანძილზე გიფარავს 9%, ეს არის იაფი ფული, მაგრამ შენ თუ სამუშაო ძალა არ მოიპოვე, შეუძლებელია ამის ამოღება“, – განაცხადა გელა ხანიშვილმა.