Jnews-მა ეკონომიკური გაანგარიშება ჩაატარა, რომლის თანახმად 2021 წელთან შედარებით კარტოფილის თვითღირებულება 2022 წელს 60%-ით გაიზარდა. როგორი იქნება მოსავალი შემოდგომით, იქნება თუ არა მასზე ახალქალაქში ისეთივე მოთხოვნა, როგორც 2021 წლის შემოდგომით იყო, ჯავახეთის ფერმერები მოგებას მიიღებენ, თუ დაზარალდებიან? ამ კითხვებზე პასუხების მიღებას Jnews-ი შეეცადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო კარტოფილის თესვა, ყოველ წლიურად ამ სეზონზე გლეხები და ფერმერები სხვადასხვა პრობლემას ეჯახებიან. მიმდინარე წელს ფასების ზრდამ სოფლის მოსახლეობა დილემის წინაშე დააყენა: დათესონ იმდენივე კარტოფილი, რაც შარშან, გაზარდონ დასათესი ფართობები, თუ პირიქით.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მოსავლის აღება დაგვიანდა და კარტოფილი ჯერ კიდევ მიწაში გაიყინა, შარშანდელი წელი კარტოფილზე ფასების მხრივ ჯავახეთისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის დირექტორის, მახარე მაცუკატოვის თქმით, აუცილებელი არ არის რომ შარშანდელი მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდეს მიმდინარე წელსაც, ის დამოკიდებულია მოსავალზე და მოთხოვნაზე იმ ქვეყნებში, რომლებთანაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს.
“2021 წელს, რუსეთში კლიმატური ცვლილებების გამო, კარტოფილის ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა. შედეგად რუსეთში ქართულ კარტოფილზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც თავის მხრივ, ახალქალაქში კარტოფილზე ფასების მატება გამოიწვია“, – ამბობს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი.
Geostat.ge-ის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უპრეცენდენტო რაოდენობის კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა – 2,341 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი, რაც 270%-ით აჭარბებს 2021 წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებული (624,6 ათასი აშშ დოლარი) კარტოფილის რაოდენობას.
ექსპერტებს უჭირთ წინასწარი პროგნოზის გაკეთება იმაზე, თუ როგორი რეალობა იქნება წლეულს.
“ვფიქრობ, რომ ეს წელი იქნება მოსავლიანი, მაგრამ მეორე მხრივ, მოსავლიანობაზე შესაძლოა აისახოს სასუქის უკმარისობა, სიძვირის გამო, შესაძლოა ფერმერებმა ვერ შეძლონ საკმარისი სასუქის შეტანა. მიმდინარე წელს გაიზრდება თვითღირებულება, არა მხოლოდ კარტოფილზე, არამედ მრავალ სხვა პროდუქტზეც, რადგან თესლისა და ნედლეულის ფასებიც გაორმაგდა”, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკური ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-მარტის პერიოდი) საქართველოში 615 100 აშშ დოლარის თესლი იყო იმპორტირებული, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 543 700 აშშ დოლარის. თესლის იმპორტი 2022 წელს 13%-ით გაიზარდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფერმერები, მიმდინარე წელს მეტ კარტოფილს დათესავენ.
Jnews-მა დაიანგარიშა 2021 და 2022 წლებში კარტოფილის თვითღირებულება. დაანგარიშება გაკეთდა 1 ჰა-ზე მოყვანილი კარტოფილის მიხედვით. 2022 წლის ეკონომიკური დაანგარიშება გაკეთდა აპრილის ფასების მიხედვით.
კარტოფილის თვითღირებულების შესახებ ანგარიში:
1. ტექნიკაზე ხარჯი საშუალოს 72%-ით გაიზარდა.
მიწა მუშავდება წელიწადში 7-ჯერ, საწვავის მოხმარება 7-ჯერ დამუშავებაზე (სულ 175 ლიტრი), 2021 წელთან შედარებით 82-88%-ით გაიზარდა, იმ შემთხვევაში თუ აღჭურვილობა საკუთარი არ არის, 200 ლარის ღირებულების ერთჯერადი გადამუშავება 2021 წელთან შედარებით, 67%-ით გაიზარდა.
ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 82-88%-ით არის გაზრდილი. არასაკუთარი აღჭურვილობის შემთხვევაში, 200 ლარის ღირებულების ერთჯერადი გადამუშავება, 2021 წელთან შედარებით, 67%-ით გაიზარდა.
2. სასუქი და პესტიციდები
გამოკითხვის შედეგად ცხადი გახდა რომ, სოფლებში ძირითადად გამოიყენებენ 2 სახეობის სასუქი, 1 ჰექტარისთვის საჭიროა 10 და 5 ტომარა სასუქი, რას დაახლოებით 70 და 150 ლარი ღირს, 2021 წელთან შედარებით ფასები 93%-ით გაიზარდა, პესტიციდებზე კი 34%-ით მეტი უნდა დახარჯოთ.
3. მუშა ხელის ფასი 2021 წელს 75%-ით გაძვირდა. 2020 წელს ფერმერები 15 მუშა ხელში 600 ლარს იხდიდნენ, 2021 წელს კი 1050 ლარს. ფერმერს, წლის განმავლობაში დაახლოებით 4-ჯერ უწევს მუშა ხელის დაქირავება.
4. თესლი
საჭიროა 4 ტონა სათესლე კარტოფილი, საშუალოდ 1 კგ თესლი წლეულს 1,2 ლარი ღირს თესლის სხვადასხვა სახეობის გათვალისწინებით. 2022 წელს ფასები 20%-ით გაიზარდა.
5. მოსავალი
2022 წლის შემოდგომით ფერმერმა 1 ჰა-ზე საშუალოდ 25 ტონა გასაყიდი კარტოფილი უნდა მიიღოს.
მახარე მაცუკატოვის მოსაზრებით, ფერმერებმა უნდა იფიქრონ არა მხოლოდ რუსეთში ექსპორტზე, გამორიცხული არ არის, რომ წლეულს ქართულ კარტოფილზე რუსეთში მოთხოვნა არ იყოს და სხვა ბაზრების მოძიება გახდეს საჭირო.
ძნელი სათქმელია რა ეღირება კარტოფილი შემოდგომით, რადგან ეს დამოკიდებულია ვითარებაზე, აქედან უმთავრესია მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა ქართულ კარტოფილზე. ახალქალაქელი ფერმერებისთვის შრომატევადი სამუშაოები იწყება, შემოდგომით გაირკვევა მიიღებენ თუ არა ისინი შრომის შესაბამის მოსავალს.
შენიშვნა: მასალა მომზადებულია პროექტის – MediaTOR-ის ტრენინგების საფუძველზე, რომელიც ამერიკელი ხალხის წყალობითა და USAID-ის შუამდგომლობით ხორციელდება. პროექტის რეალიზაციას ISET Policy Institute და Internews Georgia USAID-ის ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ. ავტორის მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ამ აშშ-ს მთავრობის პოზიციას.