სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, არმან ხოჯოიანის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკის სამინისტროს გენერალური მდივანი, არმენ ხაჩატრიანი, სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ზარუი მურადიანი, ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ქრისტინე ამბარიანი და ინდუსტრიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, არმენ ეგანიანი. ვიზიტის დროს სომხეთის დელეგაციას თან ახლავს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი, რუბენ სადოიანი.
როგორც «არმენპრესს» ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, 5 აპრილს ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიამ მიიღო.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული პროგრამების შესაძლებლობების განხილვა, აგრეთვე იმ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, რომლებიც წარმოიქმნება სომხეთიდან კონიაკის სპირტისა და ღვინის სხვა ქვეყნებში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების დროს, მათ შორის მარკირებით.
ყურძნის მოსავლის აღების და გადამუშავების საკითხში საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, დღის წესრიგში ერთ-ერთი თემა იყო ამ მიმართულებით კონტროლის დონის ამაღლების ერთობლივი მექანიზმების შემუშავება.
შეხვედრაზე ყურძნის ჯიშების – “მსხალი”, საფერავისა და რქაწითელის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაზე მიაღწიეს შეთანხმებას. ასევე განიხილეს სომხეთში კახური ყურძნის გაშენებისა და საქართველოში მისი გეოგრაფიული სახელწოდების საკითხები. ამ საკითხთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საქართველოს კახური ტოპონიმის შენარჩუნების შესაძლებლობას, იმავდროულად იზრუნებენ სომხეთში წარმოებული კახური ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დაუბრკოლებლად გაყიდვაზე.
6 აპრილს სომხეთის დელეგაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრე.
სატრანზიტო ზონაში ინსპექტირების ხელშესწყობის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ გარკვეული შეთანხმებები იქნა მიღწეული. ამ კონტექსტში, ზედმეტი დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით, თანამოსაუბრეებმა, ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტების ადრეული მომზადების შესაძლებლობა.
განხილულ იქნა რიგი საკითხებისა, რომლებიც ყურძნის ღირებულების კონტროლს, ღვინის კადასტრის შექმნას, მევენახეების რეგისტრაციის სისტემის დანერგვას და თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენებას ეხებოდა.
ვიზიტის დროს სომხეთის დელეგაციას წევრები ესტუმრნენ საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი განიხილეს.
ახლო მომავალში სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სომხეთში.