ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა, ფერმერები მუშახელს ვერ პოულობენ. წელს ძალიან კარგი მოსავალია, მოსავლიანობა შედარებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია, კარტოფილის ფასი მაინც დაბალია.

ოქტომბერი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მასობრივი მოსავლის აღების თვეა, ამიტომ ადგილზე მუშახელის პოვნა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ყველა თავის მინდორშია დაკავებული. ფერმერები ყოველწლიურად საუბრობენ მუშახელის ნაკლებობაზე, მაგრამ წელს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია. მოსავლიანობა მაღალია და მეტი მუშახელია საჭირო. მოსავლის აღების დაწყებისას მუშები 60-70 ლარი ღირდა, ახლა უკვე დღეში 70-80 ლარს უხდიან, თუმცა ადგილობრივად მაინც ძნელია მუშების ნახვა, ზოგიერთი მუშებს საქართველოს სხვა რეგიონებიდან ქირაობს. მაგრამ ყველა ვერ ახერხებს სამუშაო ძალის პოვნას.

მოსავლის აღებისთვის ხელსაყრელი ამინდის მიუხედავად, 1 ოქტომბერს სოფელ დილისკაში მცხოვრებმა არშაკ გოგორიანმა კარტოფილის ამოყრა ვერ შეძლო, რადგან მუშები ვერ იპოვა. მისი თქმით, წლევანდელი მოსავალი კარგია, 1 კგ კარტოფილის ფასი 40-45 თეთრია, სამუშაო ძალა ძვირია.

„დღეს (1 ოქტომბერს) ჩემი სამუშაო შეჩერებულია, მუშები ვერ ვიპოვე, ფერმერი რთულ მდგომარეობაშია. 20 ჰა კარტოფილის მიწა მაქვს. წელს კარგი მოსავალია, ხოლო ფასი დაბალი, უკეთესი იქნებოდა, მოსავლიანობა დაბალი ყოფილიყო, ფასი კი მაღალი და მუშების მოძიება ყოფილიყო შესაძლებელი“, – ამბობს არშაკ გოგორიანი.

სოფელ ჩამდურადან აღას მარანგოზიანიც ვერ პოულობს მუშებს, მედიის საშუალებით განცხადების შემდეგაც კი.
„მუშებს 70 ლარს ვუხდი, მაგრამ ვერ ვპოულობ, 3-4 ადამიანი ძლივს ვიპოვე, მაგრამ 20 ჰექტარი მაქვს, მეტი ხალხი მჭირდება“, – ამბობს აღას მარანგოზიანი.

ძირითადად, კარტოფილის მკრეფი გუნდები დაკომპლექტებულია მკრეფავებისა და მტვირთავებისგან. მკრეფავები კარტოფილს ამოყრის შემდეგ კრეფენ და მტვირთავები კარტოფილის ტომრებს სატვირთო მანქანებში ტვირთავენ. მტვირთავები იღებენ 10 ლარით მეტს, ვიდრე მკრეფავები.

სოფელ ტურცხში მტვირთავების უკმარისობის პრობლემა გადაჭრეს, მაგრამ მკრეფავების ნაკლებობა რეალურ პრობლემად რჩება. სოფელ ტურცხიდან ანა ღევენიანი ამბობს, რომ მათ სოფელში ბევრი მტვირთავია, რადგან ისინი მთელი დღისთვის კი არ ქირაობენ, არამედ დღის ბოლოს ქირაობენ და თითო ტომარაში 1 ლარს უხდიან.

„წელს ძნელია მუშების შოვნა, ჯერჯერობით ყველა თავის მინდორში კრეფს, მკრეფავებს 60 ლარს უხდიან. ერთი ტომრის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა 1 ლარი ღირს. ჩვენ ბევრი მტვირთავი გვყავს, ეს სამუშაო საღამოს კეთდება, როცა ყველა უკვე ამთავრებს სამუშაოს თავის მინდორზე, თავისუფალია და მტვირთავად მუშაობს“, – ამბობს ანა ღევენიანი.

მას 5 ჰექტარი კარტოფილის მიწა აქვს.

კარტოფილის ამოყრა 1 ოქტომბერს სოფელ მურჯახეთში მცხოვრებმა ენოქ ბაბაჯანიანმაც მუშების ვერ პოვნის გამო ვერ შეძლო.

„მუშები ვერ ვიპოვე, ამიტომ არ ვმუშაობ, 1 ჰექტარი მოვკრიფეთ და გავყიდე, ამინდის გამო გაჩერება მომიწია, მაგრამ ახლა მუშებს ვერ ვპოულობ, სხვასთან წავიდნენ, სანამ არ დაამთავრებენ ჩემთან არ მოვლენ. კარტოფილის ფასი დაბალია, 50-55 თეთრი, მზად ვარ მკრეფავებს 70 გადავუხადო, მკრეფავებს 80, მაგრამ ვერ ვპოულობ. სიმართლე გითხრათ, ამდენი ხარჯის მერე სხვა არაფერი გვრჩება. მე ვფიქრობ, რომ კარტოფილის ბიზნესი წამგებიანია, ყოველწლიურად ვთესავთ და ვფიქრობთ, რომ ბიზნესი მომგებიანი იქნება, მაგრამ ვცდებით”,- ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.

მისი თქმით, სოფელ მურჯახეთში უმრავლესობა არ მუშაობს, მუშებს ვერ პოულობს.

ადგილობრივი სამუშაო ძალის უკმარისობა დროებითი პრობლემაა, როცა მცირე ფერმერები საკუთარ მინდვრებს დაასრულებენ, უკვე დაიწყებენ სამუშაოდ გამოსვლას. მაშინ, თუ ამინდი ხელსაყრელი იქნება მოსავლის აღებისთვის, მუშახელი შეიძლება გაიაფდეს კიდეც. თუმცა, ამინდი რამდენ ხანს მოგვცემს ამ მომენტის ლოდინისა და მოლოდინის საშუალებას, რთული საკითხია, ამიტომ ფერმერები ყინვამდე მოსავლის აღებას ჩქარობენ.