საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მთის დასახლებებში მცხოვრები ფერმერებისთვის მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო „მთის დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს.
იმის გათვალისწინებით, რომ მთიანი დასახლებების მოსახლეობა მცირე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს, მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე) მაღალია. ახალი სახელმწიფო პროგრამა ფერმერების ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
ახალი პროგრამით დაფინანსების მიღება შეუძლია მთის სოფლის მუდმივი მცხოვრების სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს, რომელიც მთის სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%, რომელსაც მთიან რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა შეიძენს.
მთავრობის თანადაფინანსებით ფერმერები 2024 წელს სოფლის მეურნეობის მოსავლის ტექნიკის შეძენას შეძლებენ. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის აპრილში.
„სახელმწიფოს მიზანია, უფრო მეტი ფერმერისა და აგრობიზნესში ჩართული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მოსავლის აღების თანამედროვე მეთოდები, რაც მაღალი ხარისხის შენარჩუნებით მოსავლის აღებას უზრუნველყოფს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო მეტად ეფექტურს და შედეგიანს გახდის“, – ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
წელს სოფლის მეურნეობის მოსავლის ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი გაიზარდა. გასულ წელს 7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, წელს კი 10 მილიონი ლარი იქნება. პროგრამის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი განისაზღვრა ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განვითარების ხელშეწყობა, ამიტომაც არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის ის, რაც მიზნად ისახავს სხვადასხვა ტევადობის ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ფერმერების ხელმისაწვდომობის გაზრდას“, – ნათქვამია განვითარების სააგენტოს განცხადებაში წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 440 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 7500 ერთეული სხვადასხვა ტევადობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მილიონ ლარს აჭარბებს.