საქართველოს პარლამენტში არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი, თუმცა ჯავახეთში წინასაარჩევნო სიტუაცია არ არის აქტიური. მაგალითად, ნაკლებად შეიმჩნევა სააგიტაციო პლაკატები და ბანერები, ისიც, მხოლოდ მმართველი პარტია “ქართული ოცნების”. რაში მდგომარეობს ოპოზიციური პარტიებს პასიურობა, Jnews-ი შეეცადა გაერკვია პოლიტოლოგთან.

შესაძლოა, ჯავახეთში არააქტიური წინასაარჩევნო სიტუაცია განპირობებულია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, რის შედეგადაც ამომრჩევლებს მოუწევთ აირჩიონ არა საკუთარი რეგიონის კანდიდატი, არამედ პარტია. პარტიულ სიებში კი არცერთ პარტიას არ ჰყავს ჯავახეთის კანდიდატი პირველ 20-ში. ან, როგორც ადრე, ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს სენსიტიურ რეგიონებში, სადაც, ზოგადად, უფრო მეტი მხარდაჭერაა მმართველი პარტიის მიმართ, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების მუშაობის „წყალობით“.

საქართველოს რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, ოპოზიცია ხშირად აწყდება სხვადასხვა სირთულეებს, ეს სირატულეები ძირითადად ეხება დაფინანსებას და კადრებს. ეს ოპოზიციური ძალებისთვის ფართო ფრონტის შექმნისა და ასეთ რეგიონებში მოსახლეობასთან ეფექტური ჩართულობის მცდელობებში გამოწვევებს ქმნის. ადგილობრივმა მოსახლეობამ შესაძლოა არ იცოდეს ქართული ენა, რაც ასევე ართულებს პოლიტიკური მოვლენებისა და ოპოზიციური ინიციატივების შესახებ ინფორმაციის კომუნიკაციას და გავრცელებას. რეგიონებში, სადაც სიღარიბე და უმუშევრობის დონე მაღალია, მოსახლეობა ხშირად უფრო მეტად არის ორიენტირებული აქტუალური პრობლემების გადაჭრაზე, რაც პოლიტიკური პროცესების მიმართ ინტერესს ამცირებს და არა მხოლოდ ამცირებს, არამედ პოლიტიკის მიმართ ინტერესს ტაბუდადებულ თემად აქცევს.

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური პარტიები რესურსების მხრივ უფრო სუსტები არიან. რეგიონებში აქტიურობა მოითხოვს ფულს, ოფისების გახსნას, ხელფასების გადახდას. ოპოზიციას უბრალოდ არ აქვს რესურსი. ეს არის მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, ოპოზიცია, სამწუხაროდ, ძალიან დაკავებულია შიდა გარჩევებით, მათი ყურადღება ამაზეა გადატანილი. მათ არ აქვთ დრო, რომ უფრო მეტად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის რეგიონებში. თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ალბათ ამ თვეში გააქტიურდებიან. რაც შეეხება ჯავახეთს, ალბათ ფიქრობენ, რომ ჯავახეთში მხარდაჭერის მიღების ნაკლები შანსი აქვთ, ამიტომ თავიანთ შეზღუდულ რესურსებს სხვა რეგიონებში მიმართავენ, შეიძლება ეს ასეა, ეს არის ვარაუდი. მარნეულში უფრო აქტიურები არიან, როგორც ვიცი. იქ უფრო მეტი წარმომადგენელია. მარნეული უფრო ახლოსაა, ალბათ ამის გამო“, – ამბობს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია.