ახალქალაქში უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგო

2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 198 ბავშვი დაიბადა. შარშანდელთან შედარებით მუნიციპალიტეტში შობადობა შემცირდა. 2023 წელს ახალქალაქის საავადმყოფოში 336 ბავშვი დაიბადა.

ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 198 ბავშვი დაიბადა, მათგან 106 ბიჭი და 92 გოგონა.

43 მშობიარობა საკეისრო კვეთით მოხდა. 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სპონტანური აბორტების რაოდენობა შეადგენდა 54-ს.

ამ თვეების განმავლობაში არ დაფიქსირებულა მშობიარობის დროს ჩვილებისა და ქალების გარდაცვალების შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2024 წელი გოგონას გაჩენით დაიწყო.

აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 18 633 შეადგინა, ამავე პერიოდში კი 22 265 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) უარყოფითია, ის -3632 ადამიანზეა დადგენილი. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621). ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შობადობა შემცირდა.