ახალქალაქში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ სოფელ კარწახსა და სულდას მიმდებარე ტერიტორიაზე დათვი თავს დაესხა ადამიანს. Jnews-ი აფრთხილებს მკითხველს, რომ გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება.
3-4 სექტემბრის ღამეს ახალქალაქში დათვის ამსახველი ფოტოების და ვიდეოების გავრცელება დაიწყო, რომელიც თითქოსდა თავს დაესხა ადამიანს და სოფლე კარწახსა და სულდას მიდამოებში გარდაიცვალა. კადრებში ჩანს სისხლიანი დაზიანებებით მამაკაცი, რომელსაც პირველადი დახმარება უტარდება საავადმყოფოში. აღვნიშნავთ, რომ ვიდეოში თურქული მეტყველება ისმის.
Jnews-მა დაადგინა, რომ აღნიშნული სიტუაცია ჯავახეთს არ ეხება და სავარაუდოდ თურქეთში მოხდა.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორმა თამაზ კარაპეტიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შემთხვევა მათ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა მომხდარიყო.
„ასეთი არაფერია, ტყუილია. ასეთი რამ ვერ მოხდებოდა ისე, რომ ჩვენ არ გაგვეგო. დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დავურეკეთ სოფელ სულდას წარმომადგენელს, გვითხრეს, რომ მსგავსი არაფერია. დიდი ალბათობით, ეს თურქეთში მოხდა“, – თქვა მან.
Jnews-ი ასევე დაუკავშირდა სოფელ კარწახის მერის წარმომადგენელს, გაბრიელ კარაპეტიანს, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა სოფელ კარწახის მიდამოებში.
ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში Jnews-ს აცნობეს, რომ მათ არ მიუღიათ პაციენტი, რომელსაც დათვი დაესხა თავს.
Jnews-ი მკითხველს სთხოვს, გამოიჩინოს სიფხიზლე და არ ენდოს გადაუმოწმებელ ინფორმაციას.