საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისათვის, რომელიც ქალაქს “ჯივანის” მასივთან და №1 ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს, მუნიციპალიტეტმა ორი პროექტი მოამზადა. თუმცა, ჯერჯერობთ უცნობია, რომელი პროექტს აირჩევენ და სარეაბილიტაციო სამუშაოები როდის დაიწყება.
საფეხმავლო ხიდის გარე საფარი ხისაა. ვინაიდან ხის საფარი მყარი არ არის, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ხის მასალა, რკინის საფარით ჩაანაცვლოს. საძირკველის სიმყარის გასარკვევად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ექსპერტები გამოიძახა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი ხელისუფლების მოწვევით, თბილისიდან “საგზამეცნიერება” კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები ჩამოვიდნენ, რომელბმაც საფეხმავლო ხიდის სიმყარე გამოიკვლიეს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები შეადგინეს.
კვლევითი ინსტიტუტის საექსპერტო დასკვნა მზად არის. სიმყარის საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლების შეკვეთით, ორი პროექტი მომზადდა: ერთი ხის საფარით რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ხოლო მეორე რკინის საფარით რეაბილიტაციას გულისხმობს.
ხის საფარით რეაბილიტაციისათვის ხარჯთაღრიცხვამ დაახლოებით 130 000 ლარი შეადგინა, ხოლო რკინის საფარით რეაბილიტაცია დაახლოებით 170 000 ლარია.
“განსხვავება 40 000 ლარია, პროექტები მზად არის, რკინის საფარით რეაბილიტაციის შემთხვევაში სიმყარის უზრუნველყოფისათვის ყველა აუცილებელი პირობა იქნება გათვალისწინებული. ალტერნატივა ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ავარჩევთ და საკრებულოში დასამტკიცებლად გავგზავნით, მთავარია, რომ ექსპერტიზის დასკვა და პროექტები გვაქვს. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, სამუშაოებს დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება, შეიძლება ამ თვეშიც იყოს, შეიძლება მომდევნო თვეშიც”, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, არშაკ მინასიანმა.
შეგახსენებთ, რომ საფეხმავლო ხიდი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია და ყოველდღიურად უარესდება. მასზე მოძრაობა შეუძლებელია.
ხიდის კაპიტალურად გარემონტება ბოლოს, 10 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, მას შემდეგ რამდენიჯერმე დაფების ნაწილობრივი რემონტი ჩატარდა.
საფეხმავლო ხის ხიდის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრს შეადგენს.