ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მცხოვრები სონია ბაგრატუნიანი ჩივის, რომ ახალქალაქი-კარწახის გზაზე მძიმე სატვირთო მანქანების მოძრაობა მის სახლს ანგრევს. სონია ბაგრატუნიანი სთხოვს, რომ მისი სახლი ავარიულად ჩაითვალოს და თანხები გამოიყოს ახალი სახლის შესაძენად.

სონია ბაგრატუნიანის სახლი მაგისტრალიდან 4 მეტრში მდებარეობს. როცა გზაზე დიდი სატვირთო მანქანები გადიან, სახლი ირხევა, როგორც მიწისძვრის დროს.
acareni dom3

სახლის მდგომარეობა გზის გაყვანის შემდეგ გაუარესდა. სატვირთო მანქანების ყოველდღიური ნაკადის მატებასთან ერთად მდგომარეობა უარესდება, კედლებზე ბზარები დღითიდღე იზრდება.

acareni dom1

სონია ბაგრატუნიანის თქმით, ისინი სახლში შიშით ცხოვრობენ, ყოველ წუთს შეიძლება მათი სახლი დაინგრეს.

„კანკალით გამოვრბივარ სახლიდან, ღამით კი კართან ვდგები, რომ თუ დაინგრეს, ნანგრევების ქვეშ არ დავრჩე“, – ამბობს ის.

სონია სახელმწიფოს ახალი სახლის შესაძენად თანხის გამოყოფას სთხოვს.
აღვნიშნავთ, რომ დიდი, დატვირთული სატვირთო მანქანები გზის გასწვრივ ყოველ ორ-სამ წუთში გადიან.

ბადგრატუნიანების სახლი 1954 წელს აშენდა, სახლს სახურავი არ აქვს (ერდიკი), საკუჭნაო და ბეღელი დანგრეულია, კედლები დაბზარულია, ჭერი ჟონავს.

acareni dom2

ბაგრატუნიან სონიას სამი ვაჟი ჰყავს, ორი სხვა ქალაქში ცხოვრობს, ის 40 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ვიზიტის დროს ვერ ვნახეთ. მწყემსად მუშაობს. სონიას თქმით, მის შვილებს ფინანსურად დახმარება არ შეუძლიათ.

სონია 65 წლისაა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ყოველთვიურად თბილისში ექიმთან სიარული უწევს.

ამბობს, რომ რამდენჯერმე მერიას მიმართა, დარეკა 112-ში და წერილი მისწერა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

სოფელ კარწახის მერის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გაბრიელ კარაპეტიანმა გვითხრა, რომ ბაგრატუნიანის სახლს მერიის კომისია 8 თვის წინ ესტუმრა.

„მერიამ შეძლებისდაგვარად დახმარება შესთავაზა, მაგრამ ბაგრატუნიანებმა უარი თქვეს, რადგან ბევრი უნდოდათ, მაგრამ მუნიციპალიტეტს მეტის გამოყოფა არ შეუძლია. ვერ გეტყვით, რამდენი შესთავაზეს, მაგრამ უარი უთხრეს. ის, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია კომისიამ დაადასტურა, და, ვფიქრობ, რომ მათ რაღაცნაირად უნდა დავეხმაროთ“, – თქვა გაბრიელ კარაპეტიანმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპასუხო წერილში, რომელიც მათ 2024 წლის მარტში მიიღეს, ნათქვამია, რომ ამ ტერიტორიაზე გზის რეკონსტრუქცია არ იგეგმებოდა და გზის მშენებლობა ვერ დააზიანებს ბაგრატუნიანების სახლს.

pismo