საქართველოში კიდევ ერთხელ ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელშიც ახალქალაქელები აქტიურად არ მონაწილეობენ. რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ბიზნესის წამოწყებისა თუ განსავითარებისთვის გრანტის მიღებისას, რა აკლიათ ახალქალაქის აპლიკანტებს – წაიკითხეთ Jnews-ის მასალაში.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად, წლეულს 300-ზე მეტი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი პროექტები შეიძლება იყოს დასაწყისი საკუთარი იდეების განვითარებისთვის. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივია.
სხვა სამთავრობო პროექტების მსგავსად, „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მიმდინარეობს ეროვნულ უმცირესობებს შორის. თუმცა, როგორც ბევრ სხვა საკითხში, აქაც აქტუალურია ენის არცოდნის პრობლემა. მიუხედავად ხელმისაწვდომ ენაზე სახელმძღვანელოს არსებობისა, რომელიც შეიცავს ინსტრუქციას პროექტზე განაცხადის შეტანისთვის, ფორმის შევსებისთვის საჭიროა ქართული ენის ცოდნა. ქართული ენის ცოდნა კი ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში პრობლემაა. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეს უნარები, მაგრამ სურთ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, მიმართავენ ადამიანებს, რომლებიც მათთვის შეავსებენ ფორმას და შეადგენენ ბიზნეს გეგმას გარკვეული საფასურის საფუძველზე. თუმცა, ეს არ არის იმის გარანტია, რომ პროექტი გაიმარჯვებს. ექსპერტი, რომელსაც ამ თემაზე ვესაუბრეთ, მსგავს ბიზნესპროექტებს წერს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და არა მარტო, ამიტომ გადაწყვიტა ვინაობა არ გაემხილა.
„როდესაც პირველად გამოცხადდა, ბევრი პროექტი მიმდინარეობდა. ამათგან რაც დავწერე, როგორც მახსოვს 17-დან 13-14 გავიდა. მაშინ ბიუჯეტი მხოლოდ 5000 ლარი იყო. ნინოწმინდაში ბევრმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. სოფლის მეურნეობა იყო პრიორიტეტი. მეორე წელს 13-მდე ბენეფიციარს დავეხმარე ბიზნეს გეგმის დაწერაში, მათგან 11-მა გაიარა, ჩემთვის ეს კარგი მაჩვენებელი იყო, რადგან 70% იყო. მესამედ დავეხმარე 11 ბიზნეს პროექტის დაწერას, 8 პროექტი მაშინვე დაიწუნეს და კიდევ 3-მა გაიარა პირველი ეტაპი, მაგრამ მეორე ვერ. ეს არის 0% გამტარუნარიანობა. მინდოდა გამეგო რა იყო უარის მიზეზი. ჩვეულებრივ, ახალქალაქში მოდიან და გეუბნებიან: „დაწერე, თუ იქნება – კარგი, თუ არა – არაუშავს“. თუ არ არის მოტივაცია, ეს უშედეგოა. მაგრამ თუ მოდიან ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდათ და ესმით, რა შესაძლებლობები აქვთ, გესმით, რომ ადამიანი ამაზე ფიქრობდა და იცის, რომ მას სურს შედეგი. მოსახლეობას აქვს განცდა, რომ პროექტი ნაცნობის დახმარებით გაიმარჯვებს“, – ამბობს ის.
ახალქალაქში ფუნქციონირებს პროგრამა SEREC-ი, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ეხმარებიან სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში მონაწილეობისთვის საბუთების შევსებაში. ამაში მათ ეხმარება დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომელი, ვაღარშაკ შახბეკიანი.
„მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით 26 600 ბიზნეს იდეა გაიგზავნა, საიდანაც 4600 პროექტი დაფინანსდა. წარმოგიდგენიათ ეს რა სახის კონკურსია? დაივიწყეთ, რასაც ამბობენ, რომ ნაცნობი უნდა გყავდეს. 2015 წლიდან 2018 წლამდე ვმუშაობდი. პროცესი ასეთია: ვერავინ ხედავს შენს სახელს ან გვარს და არავინ იცის ვინ ხარ. ისინი მხოლოდ ასაკს და სქესს უყურებენ. შემდეგ გადაეცემა დარგის ექსპერტებს, რომლებიც განიხილავენ რომელ რეგიონზე და რა სახის ბიზნესზეა საუბარი, რა უნდა აწარმოოს ან რა სერვისი უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. ისინი კარგად იცნობენ რეგიონს და აცნობიერებენ პოტენციურ კონკურენციას, ასე რომ თქვენ უნდა იყოთ პატიოსანი“, – ამბობს ის.
გრანტის მისაღებად 4 ეტაპი უნდა გაიარო. პირველი არის ბიზნეს იდეა. პირველ ეტაპს ვინც გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგებზე მიიწვევენ. შემდეგ ბიზნეს გეგმის განხილვა და პროექტის განხორციელება იწყება.
კიდევ ერთი შეცდომა იყო ის, რომ პროექტები რჩება და არ იგზავნება, ნინოწმინდაში 15-მდე პროექტი ამ გზით არ იქნა გათვალისწინებული. ვაღარშაკ შახბეკიანის თქმით, 2020 წელს სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან 2800 პროექტი გაიგზავნა.
„წელს გაადვილდა, სომხურად არის განმარტება. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკოპიროთ და ჩასვათ, ანუ განმცხადებელს შეუძლია დაწეროს, გაგზავნოს თარგმანზე… მაგრამ მაინც, შეიძლება იყოს სირთულეები. ყოველ შემთხვევაში, სხვა პროექტებთან შედარებით, არც ისე რთულია. ჩვენთან დღეში დაახლოებით 10 ზარი შემოდის და პირადად 8-10 ადამიანი მოგვმართავს. ძირითადად, კითხულობენ, როგორი ბიზნეს იდეაა პოპულარული, რა არის შესაძლებელი, რა არა, როგორ შეავსონ? რაც არ ესმით, გვეკითხებიან. მე ვიყავი ამ პროგრამის ბიზნესის განვითარების ოფიცერი“, – ამბობს პროგრამა SEREC-ის კოორდინატორი ახალქალაქში, ვაღარშაკ შახბეკიანი.
შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს იდეების მიღება 21 მარტს დაიწყო და 11 აპრილამდე (15:00 საათამდე) გაგრძელდება.
პროექტის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ