ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხუთი სოფლის ამბულატორიის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე მსჯელობენ, რომელიც ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.
პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისა და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სოფლად მდებარე ამბულატორიული კლინიკებისა და ამბულატორიებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” ორგანიზაციას გადასცეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პირველ ეტაპზე, სახელმწიფოსთვის გადასაცემად 5 ამბულატორია შეირჩა.
პირველ ეტაპზე სოფელ მაჯადიას, დილისკას, ზაქის, გოდოლარისა და არაგვას ამბულატორიები გადაიცემა.
28 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიამ ამ ამბულატორიების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა განიხილა. 29 სექტემბერს ამ საკითხზე ბიუროში ისაუბრებენ და პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მისცემენ ხმას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 44 ექთანი და 23 ექიმი მუშაობს. ამბულატორიები შემდეგ სოფლებში ფუნქციონირებს: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა, ზაქი, კარტიკამი და გოდოლარი. ზოგიერთ ამბულატორიაში არც ინვენტარია და არც ელექტროენერგია.
დანარჩენ სოფლებში ექთნები სახლიდან მუშაობენ.
2019 წელს საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში ამბულატორიული კლინიკები და სასწრაფო დახმარების ცენტრები აშენდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოთხ სოფელს აქვს ამბულატორიები, ხუთ სოფელს კი უკვე არსებულის კაპიტალური რემონტი ჩატარდა.
ოთხ სოფელში ამბულატორიების ასაშენებლად 360 000 ლარი გამოიყო, ხოლო ექვს სოფელში რემონტისთვის 250 000 ლარი დაიხარჯა, ჯამში – 610 000 ლარი.