ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალქალაქის მოსახლეობაზე ძაღლების თავდასხმები გახშირდა. თუმცა თავდასხმების იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა გასულ წელსაც.
2024 წლის 7 თვის განმავლობაში ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ახალქალაქის მოსახლეობაზე ცხოველების თავდასხმის 73 შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის, დაფიქსირდა კატისა და ვირთხის თავდასხმის ერთი შემთხვევა, დანარჩენი — ძაღლების.
„ბოლო დროს დღეში 2-3 ნაკბენის შემთხვევის შესახებ გვესმის. ბოლო დროს ნაკბენის რაოდენობა გაიზარდა. ძირითადად ნაკბენი უსახლკარო ძაღლების მხრიდან ფიქსირდება“,- ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.
მთელი 2023 წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ცხოველების თავდასხმის 149 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 7 თვის განმავლობაში 74 კბენის შემთხვევა დაფიქსირდა.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე რთულია არა მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მუნიციპალური ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არაეფექტური აღმოჩნდა. სხვა პრობლემებთან ერთად, პრობლემა ის არის, რომ სანამ ტენდერების შედეგად ძაღლების დაჭერა და სტერილიზაცია იწყება, ძაღლები ლეკვებს ყრიან და მათი რაოდენობა რამდენჯერმე იზრდება. წელს ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდერის თანხა თავდაპირველად 2024 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. ამ სამუშაოებზე ტენდერი მეორედ გაიმართა, მას შემდეგ რაც ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით პირველად შეწყდა. თუმცა ტენდერის ჩატარების შემდეგ სამუშაოები აღარ დაწყებულა, რადგან კომპანიამ ტენდერის პირობები სატენდერო კომისიაში გაასაჩივრა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.