ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა უკვე აშენდა, მშენებლობის დასრულებამდე რჩება ეზოს კეთილმოწყობა, ასფალტირება, რომელიც, მშენებლის თქმით, ამინდის პირობების გამო შეფერხდა.
შენობა აშენებულია, დამონტაჟებულია კარ-ფანჯრები, შიგნით კომუნიკაციები გაყვანილია, დამონტაჟდა ავეჯი, ჩატარდა ფასადის სამუშაოები, თუმცა ეზოს ასფალტირება ჯერ არ დაუსრულებიათ. მშენებლობაზე პასუხისმგებელი ვარდან ჩოლახიანის თქმით, ეზოს მოასფალტება პროცესშია, თუმცა ხანგრძლივმა წვიმამ ხელი შეუშალა. სასწრაფო დახმარების შენობის გარე ნაწილის კეთილმოწყობაზე სამუშაოების განახლება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მშენებლის თქმით, ისინი ახერხებენ მშენებლობის დროულად დასრულებას, რადგან ამინდის პირობების გამო ვადები გადაიწია. დღეის მდგომარეობით, კონტრაქტის დასრულებამდე 34 დღე რჩება. რამდენიმე ცვლილების შედეგად, ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. თავდაპირველად ვადა 2024 წლის აპრილში ამოიწურა.
„ფასადი გაკეთებულია, შიდა მოპირკეთებაც, ასფალტირებაც დასრულების პროცესშია, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ის, რომ ასფალტირება არ დაგვისრულებია. ამინდებია წვიმიანი. ვადების მხრივ, გახანგრძლივდა, ყველაფერი რიგზეა. საკმარისად გვაქვს დრო, მაგრამ უკვე ფინალურ ფაზაში ვართ. სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში დავასრულებთ“, – ამბობს ვარდან ჩოლახიანი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა 3 აგვისტოს დაიწყო. ის ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში, სასწრაფო დახმარების ძველი შენობის წინ მდებარეობს.
ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. საწყისი თანხა 459 451 ლარი იყო, ტენდერი ახალქალაქელმა ინდმეწარმემ სერგეი ჩოლახიანმა 420 200 ლარის ოდენობით მოიგო. სასწრაფო დახმარების შენობა მდებარეობს 150 კვ/მ-ზე, ეზოთი საერთო ფართი 233 კვ/მ-ზე ცოტა მეტია.
2019 წლიდან საქართველოში 300-მდე პოლიკლინიკის რეკონსტრუქციის, 100-ზე მეტი ახალი კლინიკისა და 40 სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. შემდეგ მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ახალქალაქს.
თავიდან ახალქალაქში სასწრაფო დახმარების შენობის ასაშენებლად ადგილს ვერ პოულობდნენ, ამიტომ ახალი კორპუსის მშენებლობა გაჭიანურდა. 4 წელი დასჭირდა ადგილმდებარეობის გადაწყვეტას და მშენებლობისთვის მომზადებას. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწარფო დახმარების ცენტრის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.