ახალქალაქის საზოგადოებაში გავრცელებული ბევრი სტერეოტიპი უარყოფით და ზოგჯერ გარდაუვალ ცუდ შედეგებს ტოვებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანები მაინც ცხოვრობენ მის მიერ ნაკარნახევ პირობებში, მაშინაც კი, როცა საქმე საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება.
ამჯერად Jnews-მა გინეკოლოგთან ვიზიტის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელსაც თან ახლავს ფესვგადგმული სტერეოტიპები.
„დაახლოებით ორი წლის წინ დამეწყო მწვავე ტკივილები. ამის შესახებ დედაჩემს და ბებიას ვუთხარი, იმის შიშით, რომ რამე სერიოზული არ მომხდარიყო, თქვეს, რომ ეს სავსებით ბუნებრივია, ძალიან ნორმალურია გოგოებისთვის ასეთი ტკივილის შეგრძნება, რომელსაც უნდა გაუძლო. მაგრამ ვგრძნობდი, რომ დროთა განმავლობაში ეს უფრო და უფრო მაწუხებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაოცებდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამბობდნენ, თუ ექიმთან წავიდოდი და სოფელში გაიგებდნენ ამის შესახებ, იფიქრებენ, რომ მეტი შვილი არ მეყოლება და რომ ავად ვარ. ახლობლებმა იმდენჯერ მითხრეს ამის შესახებ, რომ დავიწყე ფიქრი, რომ გინეკოლოგთან მისვლა შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო ჩემთვის”,- გვითხრა 20 წლის ანიმ, რომელსაც თურმე დიდი ჩირქოვანი აბსცესი ჰქონდა, მშობლებმა ექიმთან იმ დროს წაიყვანეს, როცა ყოველი წუთი მისთვის საბედისწერო გახდა. ოპერაციის შედეგად გადარჩა და ახლა ანი პირველ შვილს ელოდება.
ანი სოფელში განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, როცა გინეკოლოგის კაბინეტის წინ ნახეს. გოგონამ გადაწყვიტა ექიმს გასინჯვოდა, საავადმყოფოში იყო და რიგს ელოდა, როცა ერთ-ერთი მეგობარი შეხვდა. მიუახლოვდა და რაღაცნაირი ღიმილით ჰკითხა გაუთხოვარ გოგოს, რა საქმე ჰქონდა გინეკოლოგთან. მას უკვე შეეძლო წარმოედგინა, რა საუბარი ელოდებოდა სოფლის მცხოვრებლებისგან სახლში დაბრუნებამდე. ამის მიუხედავად, კვლავ გადის რეგულარულ გამოკვლევებს და განაგრძობს საკუთარი ჯანმრთელობის შემოწმებას.
პრობლემასთან დაკავშირებით Jnews-ი ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგს, ასია გულიევას ესაუბრა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ გავრცელებულ არასწორ სტერეოტიპებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებში სირცხვილს და ზოგჯერ შიშს იწვევს, გინეკოლოგმა შემდეგი გვიპასუხა:
– ამ სტერეოტიპებს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ისინი მრავალი წელია გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში, ფესვგადგმული სტერეოტიპები ხელს უშლის ადამიანებს ისაუბრონ იმაზე, რაც მათ აწუხებთ. ვფიქრობ, მათთან გამკლავების მთავარი გზა სწორი ინფორმაციის სხვადასხვა გზით გავრცელებაა. ეს შეიძლება იყოს მედია შეხვედრები, ტრენინგები, დისკუსიები სხვადასხვა ადგილას და ა.შ. რაც შეიძლება მეტი აქტიურობა უნდა იყოს ამ მიმართულებით, რათა ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემების არ შერცხვეთ. გინეკოლოგთან ვიზიტი უნდა იქნას აღქმული, როგორც რეგულარული ვიზიტი, როგორც, მაგალითად, სხვა სპეციალისტებთან.
ყველა მშობელს ვურჩევ, იყოს ძალიან თანმიმდევრული შვილების ჯანმრთელობის მიმართ, ყოველგვარ ჭორის ან მცდარი შეხედულების იგნორირება მოახდინონ.
ლიდა ალმასიანი