ახალქალაქში დასაქმების თემაზე რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აქტივისტებმა, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან და ახალციხიდან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრებმა“, „მოზარდთა განათლების ცენტრმა“, „ახალქალაქის ბიზნეს ცენტრმა“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ ფარგლებში მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის რეგიონში აქტუალური სხვადასხვა პრობლემის განხილვის მიზნით პლატფორმა შექმნეს. დღეს პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ვორქშოპის ფორმატში გაიმართა.
ვორქშოპის სამ სესიაზე ისეთი თემები წამოაყენეს, როგორიცაა შრომითი მიგრაცია („ხოფანი“), საგანმანათლებლო პრობლემები, არარეალიზებული ტურისტული პოტენციალი და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები.
„პლატფორმა შეიქმნა იმისათვის, რომ ჩატარდეს დისკუსიები, შეხვედრები და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები დასაქმების თემაზე და სამცხე-ჯავახეთში დასაქმების დონის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ“, – კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორმა რიმა ღარიბიანმა.
გარდა დღევანდელი შეხვედრისა, სამომავლოდ იგეგმება მრგვალი მაგიდების და თოქ-შოუს ფორმატში შეხვედრების გამართვა.
„ამ შეხვედრის შედეგად, ჩვენ ვგეგმავთ ამ დისკუსიიდან ძირითადი პუნქტების გამოკვეთას, მათ პოვნას, ვისთანაც შეიძლება დაკავშირება და რეკომენდაციების მიცემა, რათა როგორმე რეგიონში ამ სფეროების სიტუაცია გამოვასწოროთ“, – ამატებს რიმა ღარიბიანი.
„სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ პროექტს HEKS EPER ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ახორციელებს.