ბოლო დროს ახალქალაქში გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც პანიკური შეტევები, დეპრესია და სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური აშლილობა აწუხებთ, რაც სუიციდამდე მიდის. როგორ განვსაზღვროთ, რომ საყვარელ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური აშლილობა, და, როგორ დავეხმაროთ დეპრესიით დაავადებულ ადამიანებს – ფსიქოლოგ ანნა მინასიანის ინტერვიუში.

რა არის დეპრესია და რამდენად რთული ავადმყოფობაა ის?

-დეპრესია არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სტრესულ ვითარებაში ჩნდება, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ, მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ. ადამიანი ვერ ეგუება ამ ახალ ცხოვრებას. ან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ტრავმა ბავშვობიდან, რამაც შეიძლება დროდადრო თავი წარმოაჩინოს და დეპრესიული მდგომარეობა გამოიწვიოს.

არსებობს პიროვნული დარღვევები, რომელთა გამწვავება შემდგომში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. მსგავს დარღვევას მიეკუთვნება დეპრესიაც. დეპრესიას აქვს 2 ეტაპი. ადამიანი პერიოდულად განიცდის მანიაკალურ მდგომარეობას, რომელიც გადადის დეპრესიაში. მანიაკალური მდგომარეობის დროს ადამიანი თავს ძალიან ენერგიულად გრძნობს, აქვს კარგი განწყობა, საერთოდ არ იღლება, აქვს დიდი მოტივაცია, მუშაობს. გარკვეულ მომენტში მანიაკალური მდგომარეობა გაჩერების პერიოდს იწყებს, მაშინ იწყება დეპრესია.

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია?

– ადამიანი თავს მცენარედ გრძნობს, საწოლიდანაც კი ვერ დგება. ორგანიზმში ყველაფერი მწყობრიდან გამოდის, ემოციური ფონი, ცუდი განწყობა, არ არის ინტერესი და მოტივაცია, არ სურს არაფრის გაკეთება, დამძიმებულ შემთხვევებში ადამიანი არც კი ჭამს, ტუალეტში არ მიდის და ყაბზობა იწყება. რადგან დეპრესიას სომატური გამოვლინებაც აქვს. ასევე აღინიშნება ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, თვითშეფასების და თავდაჯერებულობის დაქვეითება. „ცუდი ვარ, არავის ვჭირდები.“  ჩნდება დანაშაულის გრძნობა: „რატომ დავიბადე? მე რომ არ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა“ და ასე შემდეგ. მომავლის გაგება არ არსებობს, მომავალი ბნელია, ცხოვრება სიცრუე. დეპრესიის გამწვავებისას ადამიანი თვითდაზიანებასიწყებს, ჩნდება სუიციდის აზრები და თუ ამ აზრებს არ გადალახავს, შეიძლება მოქმედებამდე მიიყვანოს. უძილობა, ცუდი მადა…

რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ეს სიმპტომები ჩნდება?

– თუ დიდი ხნის განმავლობაში, საყვარელ ადამიანს, მეზობელს, მეგობარს არ აქვს სიცოცხლის, მხიარულების, მოძრაობის, სიამოვნების სურვილი. როცა სასიხარულო მოვლენები არანაირ ემოციებს არ იწვევს, არ აბედნიერებს. როცა მოტივაცია არ არის, არ გინდა არაფრის გაკეთება, ძირითადად მას უბრალოდ უნდა დაწვეს და დაიძინოს – ეს ყველაფერი იმის სიგნალია, რომ ადამიანს აქვს დეპრესიული აშლილობა. არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც ასევე ძალიან ღრმაა. როდესაც ეს სიმპტომები შეინიშნება, აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. თუ ეს მდგომარეობა ახალია, ფსიქოლოგი თერაპიის დახმარებით ადგენს ქეისს და დეპრესიის ამ სიმპტომებით იწყებს მუშაობას. თუ ფსიქოლოგი გრძნობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, მიმართავს ნევროლოგს. ნევროლოგს უფლება აქვს დანიშნოს ანტიდეპრესანტები. ანტიდეპრესანტებთან ერთად მუშაობს ფსიქოლოგიც. ტარდება თერაპიული სესიები, რომლის შედეგია დასკვნა იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყო დეპრესია, ჩვენ გვესმის დეპრესიის წყარო. აუცილებელია ძილის, კვების ურეგულირება, რათა ადამიანმა ფიზიკურად შეძლოს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრა. ხოლო როდესაც დეპრესია ძალიან ღრმაა, მივმართავთ ფსიქიატრს. რადგან თუ დეპრესია გაუარესდება, ის შეიძლება ფსიქიკურ პრობლემად გადაიზარდოს. ანუ ფსიქოლოგი მუშაობს მარტო, ან ნევროლოგთან ან ფსიქიატრთან ერთად.

როგორ დავეხმაროთ ღრმა დეპრესიის მქონე ადამიანს ფსიქოლოგის ჩარევის გარეშე?

-სახლის პირობებში ეს შეუძლებელია. რადგან სახლში ისინი სრულიად საპირისპირო გამოვლინებებს აჩვენებენ. დეპრესიულ ადამიანს არ სურს არავისთან ურთიერთობა. არავის დანახვა და მოსმენა არ სურს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება, მასა, ფიქრობს, რომ ამ ადამიანებისთვის უნდა მოვაწყოთ დღესასწაულები, მეზობლებთან ერთად შეკრებები, გამოვიყვანოთ სახლიდან, საქმეში ჩავრთოთ და ეს ყველაფერი გაივლის. ამ ყველაფრით მათ შეუძლიათ დაკავდნენ, მაგრამ ამავდროულად მალავენ დეპრესიას. როგორც კი დეპრესიული ადამიანი მარტო რჩება, თავს იჩენს დეპრესიული ფონი. ან შეიძლება ერთ მომენტში დადგეს მანიაკალური მდგომარეობა და ის გახდეს სრულფასოვანი ადამიანი და უფრო მეტიც, მაგრამ როგორც კი მანიაკალური პერიოდი მთავრდება, ადამიანი კიდევ უფრო ღრმა დეპრესიაში ვარდება. დეპრესიის დამალვით მას ქრონიკულ დეპრესიაში აქცევენ. და ბუნებრივია, სხვა ქრონიკული დაავადებების მსგავსად, მისი განკურნება გაცილებით რთულია ან საერთოდ არ იმკურნება. პრობლემას პირისპირ უნდა შევხედოთ. ის ჩვეულებრივ დაავადებად უნდა აღვიქვათ და ვუმკურნალოთ და არ დავმალოთ, რომ თავისით გაიაროს. ეს ასე არ არის, დეპრესია თავისით არ ქრება.

შეუძლია თუ არა დეპრესიის დროს ადამიანს საკუთარი თავის დახმარება?

-საკუთარი თავის დახმარება არის იმის გაცნობიერება, რომ დეპრესიაა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა იყოს მიღებული- ექიმისთვის მიმართვა. დეპრესიას, სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებისგან განსხვავებით, მომვლელი ვერ გადაწყვეტს ვერაფერს. ანუ, დედამ 20-30 წლის ადამიანი რომ მოიყვანოს ჩემთან, როგორც ფსიქოლოგთან და მითხრას, რომ ჩემი შვილი დეპრესიაშია, იმუშავე მასთან, ამას არ გავაკეთებ. რადგან მან თავად უნდა აღიქვას დეპრესია და გადაწყვეტილება მის მიერ უნდა იყოს მიღებული. რადგან თერაპიული სესიის დროს ადამიანმა თავისი პრობლემა თავად უნდა მოაგვაროს. ფსიქოლოგი ვერაფერს გააკეთებს, თუ ადამიანს არ სურს ცხოვრების ხარისხის შეცვლა. დეპრესიის მქონე ადამიანებს უნიშნავენ ანტიდეპრესანტებს, რომლებიც ამცირებენ სიმპტომებს, ამგვარად ადამიანი არ გრძნობს დეპრესიას, ეს ეხება პანიკურ შეტევებსაც, პრობლემა არ გვარდება, ადამიანი არ ღებულობს და ვერ ამარცხებს მას.

ხშირია თუ არა დეპრესია ახალქალაქში?

-ახალქალაქში ძალიან გავრცელებულია დეპრესია, ყველაზე მეტად ქალებში. ამას დაკვირვებიდან გამომდინარე ვამბობ. იმიტომ რომ ქალები თრგუნავენ ემოციებს. არსებობს ბევრი ტაბუ, რაც ქალმა უნდა გააკეთოს. ბევრი „არ შეიძლება“ არსებობს. ხალხი ამ „არ შეიძლებას“ საკუთარ თავს აჯერებს. ამ ყველაფერს მივყავართ დეპრესიულ მდგომარეობამდე. თუ ადამიანი მოწყენილია, არ უნდა იტიროს, არ უნდა აჩვენოს. ეს ყველაფერი ადამიანს უფლებას არ აძლევს იგრძნოს თავისი ემოციები და იცხოვროს მათთან ერთად. ჩვენი საზოგადოება დიდ ზეწოლას ახდენს ადამიანებზე, ხოლო ისინი თრგუნავენ საკუთარ ემოციებს. ხშირად ოჯახის წევრებს არ სურთ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღქმა და გაგება, არ აღიქვამენ მას ისე, როგორც არის, თუნდაც დეპრესიული დარღვევების დროს. ყველაზე ღრმა დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ვიცნობ, ძალით აძინებენ, 20 წლის გოგოა, ძალით აჭმევენ, ტანზე სისხლჩაქცევები აქვს. მისი ახლობლები კი თავს იმართლებენ იმით, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ. მაგრამ ისინი არ არიან მზად ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სპეციალისტთან მიყვანისთვის „ის ავად არ არის, რომ ექიმთან წავიყვანოთ“. ეს ყველაფერი შიშის გამო ხდება, რომ საზოგადოება გაიგებს, რომ მათი შვილი „ფსიქიკურად ავადმყოფია“. ნებისმიერ შემთხვევაში, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლა უკვე ნაკლია. და თითქოს ეს „ფსიქიკური ავადმყოფი“ არ იყოს საზოგადოების წევრი, უარყოფილია. ანუ ჩვენს საზოგადოებას მიჰყავს ადამიანი სუიციდამდე.