ტრადიციულად, ჯავახეთში, ისევე როგორც სხვა კონსერვატიულ საზოგადოებებში, ადრეული ქორწინება ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ძლიერი იყო ტრადიციები, ჩვეულებები და სოციალური გავლენა. ადრე გოგონები ხშირად ქორწინდებოდნენ 13-დან 18 წლამდე, და ეს ნორმად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო წლებში, განათლების, გლობალიზაციისა და სოციალური მობილურობის მზარდი გავლენის გამო ამ ტენდენციების მნიშვნელოვანი ცვლილება შეიმჩნევა.
ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას განათლებას, კარიერულ განვითარებას და პიროვნულ დამოუკიდებლობას, რაც ხელს უწყობს ადრეული ქორწინების რაოდენობის შემცირებას.
ადრეული ქორწინების შემცირების მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს არასრულწლოვან ორსულთა რაოდენობის შემცირება. თუ 2023 წელს დარეგისტრირდა 16-17 წლის 4 არასრულწლოვანი ორსული გოგონა, მაშინ 2024 წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა. 260 ქალიდან, ვინც ამ წელს იმშობიარა, მხოლოდ ორი იყო 18 წლის, ხოლო ცხრა ქალმა იმშობიარა 19 წლის ასაკში.
„სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, რადგან ადამიანების გამოცდილება და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები იძლევა შედეგს. ადამიანები განვითარებას ხედავენ. ცდილობენ იარონ წინ, შექმნან კარიერა, რაც ადრე ნაკლები იყო, რადგან არ იცოდნენ, რომ ამდენი შესაძლებლობა იყო. ზოგადად, დინამიკა კანონების გამკაცრებასთან ერთად გაუმჯობესდა, მოსახლეობას უფრო მეტად ეშინია ასეთი სახის დანაშაულების, როგორიცაა „გოგოს გატაცება“, და ამან გამოიწვია დადებითი ცვლილებები. მე არ ვიცნობ 14-15 წლის ასაკში მშობიარე გოგონებს. დიახ, ვიცი გოგონები, ვინც 17-18 წლის ასაკში იმშობიარა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვინტერესდებით, მაგრამ ბოლო დროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 14-15 წლის გოგონა ან გათხოვდა, ან იმშობიარა, არ მაქვს“, – ამბობს “წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლიოლია რაისიანი.
კონკრეტულად რამ ითამაშა როლი ადრეული ქორწინების პრაქტიკის შეცვლაში? შეიძლება ითქვას, რომ ჯავახეთში ადრეული ქორწინების სურათი იცვლება და ეს გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, როგორიცაა განათლების დონის მატება, სამართლებრივი სისტემის ცვლილებები და კულტურული ტრანსფორმაციები. ბოლო წლებში ასევე შეინიშნება გენდერული როლების ცვლილება რეგიონში. თუ ადრე ქალებს ცოლის და დედის როლი ენიჭებოდათ, ახლა სულ უფრო მეტი ქალი ისწრაფვის განათლების, კარიერული ზრდისა და თვითრეალიზაციისკენ. შედეგად იცვლება ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის აღქმა. ახალგაზრდა გოგონებს სულ უფრო ნაკლებად უჩნდებათ მცირე ასაკში დაქორწინების სურვილი და უფრო მეტად ირჩევენ დაქორწინებამდე პირადი და პროფესიული განვითარების გზას.
საქართველომ ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში კვლავ ხდება იძულებითი ქორწინება და ქალთა უფლებების დარღვევა, ქვეყანამ 2017 წელს მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებთან ქორწინებას კრძალავს. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც ჯავახეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვას შეუწყო ხელი.