კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ ახალგაზრდებს შორის ინტერნეტში აქტიური განხილვის საგანი გახდა. მის წინააღმდეგ აზრს და პროტესტს ახალგაზრდები პირად გვერდებზე აფიქსირებენ, რომლებსაც ჯავახებიც უერთდებიან. ფეისბუქის მომხმარებლების უმეტესობა პოსტებს თავიანთ გვერდებზე აზიარებენ, ერთი ადამიანის პოზიციის გამოხატვა კამპანიად გადაიქცა.

„მე (სახელი, გვარი), როგორც საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ისეთი კანონების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას კეტავს “, – პუბლიკაცია, რომელსაც ახალგაზრდები აზიარებენ.

Jnews-ი ამ იდეის ავტორს, ტიგრან ტარზიანს ესაუბრა.

„იდეა მოულოდნელად, ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გაჩნდა. მიზანია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომეხმა ახალგაზრდებმაც გამოხატონ თავიანთი პოზიცია.  ცენტრიდან შორს ვცდილობთ ჩვენი ხმა გავაგონოთ და ვაჩვენოთ, რომ რუსული, ანტიევროპული კანონების მიღების წინააღმდეგნი ვართ“.

ტიგრანის თქმით, დადგენილების შემოღება მიუღებელია და იგი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ის არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლის საშუალებაა, რაც თავის მხრივ კრიტიკული აზროვნების და პოლიტიკური აქტივობის პასიურობას გამოიწვევს, როგორც რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება.

აღნიშნული პოსტის ერთ-ერთი გამავრცელებელი არმინე მკრტჩიანია, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონი სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

„როგორც საქართველოს მოქალაქე ამ კანონების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ავტორიტარული ქვეყნების სტილია. ასეთი კანონი საქართველოში არ უნდა მიიღონ, ის ყველა ჩვენგანის მომავალზე იმოქმედებს და ყველა იმ დემოკრატიულ იდეას გაანადგურებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“.

ჰასმიკ პეტროსიანი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება ახალგაზრდების მომავალს უქმნის საფრთხეს, ამიტომ მათი გაერთიანება და ხმის ამაღლება მნიშვნელოვანია.

კანონი, რომლის მიღებასაც გეგმავენ, სიტყვის თავისუფლების, განათლებისა და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას გვართმევს.

“უცხოური აგენტების” კანონი ორ კანონპროექტს მოიცავს: საგარეო გავლენის შესახებ და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.

კანონპროექტები მოძრაობა „ხალხის ძალაუფლების“ შემქმნელმა, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა წარმოადგინეს: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, დაჩი ბერაიამ, ვიქტორ ჯაფარიძემ, ეკა სეფაშვილმა, დავით კაჭარავამ და ზაალ მიხელაძემ.