საქართველოში მცხოვრები სომხური უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, მიუხედავად სხვადასხვა პროგრამების არსებობისა, სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. Jnews-მა გაარკვია, რა პრობლემები ექმნებათ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს.
საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონში მცხოვრებთა ნაწილი ძალიან ხშირად აწყდება სხვადასხვა პრობლემას, რომელთაგან ერთ-ერთია სახელმწიფო ენის არასრული ცოდნა და მასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა. ის შესაძლოა შეგვხვდეს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე განათლების სფეროში და სხვადასხვა სერვისით სარგებლობისას.
საზოგადოების ყველა წევრი არ არის ადაპტირებული ამ პრობლემასთან, ბევრი ებრძვის მათ, ზოგი ცდილობს გამოსავლის პოვნას, ზოგი კი „დინების საწინააღმდეგოდ ცურავს“. საქართველოში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა განათლების მიღებას ქართულ უნივერსიტეტებში ამჯობინებს, მაშინ როცა, რამდენიმე წლის წინ ჯავახეთის ახალგაზრდების უმეტესობა განათლების მისაღებად სომხეთში წასვლას ამჯობინებდა.
სარგის უნანიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. თავდაპირველად ენის არასრული ცოდნის გამო განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნია, ვინაიდან 6-დან 9 კლასამდე ქართულ ენას სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობდა.
„ენის არასრულმა ცოდნამ ხელი არ შემიშალა ქართველებთან თანაბარ და ზოგჯერ მათზე უკეთ სწავლაში და იმაში, რომ კარგი სპეციალისტი გავხმდარიყავი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ შრომისმოყვარეობის წყალობით, მაგალითად, ქართველი სტუდენტი, თუ თავის დროს უთმობს მხოლოდ თემის შესწავლას, მაშინ ჩვენს შემთხვევაში, სომხებმა, ჯერ კარგად უნდა გავიგოთ და მერე ვისწავლოთ და ეს დიდ შრომას საჭიროებს“, – ამბობს სარგისი.
სარგისის თქმით, ახლა სკოლებში სახელმწიფო ენა უფრო ხარისხიანად ისწავლება, ვიდრე ადრე. შესაბამისად, ახალი თაობა უკეთ ფლობს სახელმწიფო ენას.
უფროსი თაობის მიერ ენის ცოდნის პრობლემა გაცილებით ღრმაა. 56 წლის აშოტი (სახელი მისი თხოვნით შეიცვალა) ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. სწავლობდა სოფლის სკოლაში, უმაღლესი განათლება არ მიუღია.
„როცა სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ქართულ ენას განსაკუთრებული ყურადღება არ ექცეოდა, კვირაში ერთი გაკვეთილი გვქონდა და ეს უფრო გართობას ჰგავდა, ვიდრე გაკვეთილს, იმ პირობებში შეუძლებელი იყო ენის სწავლა, მაშინ არ შეგვეძლო. ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ქართულის ცოდნა ასე საჭირო იქნება“, – ამბობს ის.
ენის არცოდნის გამო, მრავალი პრობლემა შეექმნა.
„ერთხელ საბუთებთან დაკავშირებით მივმართე იუსტიციის სახლის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ქართველი იყო. არც სომხური და, არც რუსული არ ესმოდა, მე კიდევ ქართულად ვერ ავუხსენი რა მინდოდა. მოკლედ, ერთმანეთს ვერ გავაგევინეთ. ხმის აწევა დაიწყო და აგრესიულად მოიქცა. მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ასე იყო თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – ამბობს აშოტი.
იმ თაობისგან განსხვავებით, რომელსაც არ ჰქონდა ენის შესწავლის შესაძლებლობა, ახლა უკვე შესაძლებელია ენის სწავლა და გამოყენება სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაში. ტათევ ხოცანიანი სოფელ ორჯადან არის. ის სოფლის საჯარო სკოლის მე-12 კლასშია, ხაზს უსვამს სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ უფრო დიდ მნიშვნელობას მშობლიური ენის ცოდნას ანიჭებს. მისი აზრით, პირველ რიგში აუცილებელია მშობლიური ენის შესწავლა და მის საფუძველზე სხვა ენების სწავლა.
„რა თქმა უნდა, ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, მით უმეტეს, თუ ჩვენს მომავალს ამ ქვეყანაში ვხედავთ. ქართულს სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ, ჩემი აზრით, სახელმძღვანელოებით და სასკოლო გაკვეთილებით, ვერც ერთი საგანი ვერ ისწავლება, ამიტომ სხვადასხვა სასწავლო კურსებს დავესწარი და თვითგანათლებით ვიყავი დაკავებული“, – ამბობს ტათევი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟანა ხაჩატურიანი, რომელიც მრავალი წელია ენობრივი კომუნიკაციის სფეროში მოღვაწეობს, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას აფერხებს. ის ხაზს უსვამს, რომ საერთო სურათი, არც ისე კეთილგანწყობილია. თუმცა დღევანდელ ვითარებას თუ შევადარებთ 10-15 წლის წინანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ არასაკმარისად.
„პირველ რიგში, გავიხსენოთ, რა გაიარა საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რა დილემის წინაშე დადგა ქვეყანა. მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნისა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა იყოს ქართული, მაინც, იმ ადგილებში, სადაც ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ, კომუნიკაციის ენა იყო რუსული, ან რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ენა, გამონაკლისი, არც სკოლები იყვნენ. შესაბამისად, გაჩნდა პრობლემა, მოსახლეობა კანონით საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ მენტალური აზროვნება არ იცვლება“, – ამბობს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
მრავალი წელია საქართველო ცდილობს, რაც შეიძლება მალე გამოიყვანოს არაქართულენოვანი მოსახლეობა ამ იზოლაციიდან, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება. ჟანა ხაჩატურიანმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მონაწილეობით ჩაატარა კვლევა კონკრეტული მიზნით: რატომ არ ლაპარაკობენ სახელმწიფო ენაზე სათანადოდ, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მატერიალური თუ ადამიანური რესურსებისა?
კვლევამ, რამდენიმე პრობლემა გამოავლინა, ესენია:
1. არაქართულენოვანი მოსახლეობის დაბალი მოტივაცია ქართული ენის შესასწავლად.
2. სახელმწიფო ნების სისუსტე.
3. საქართველოს სახელმწიფოს მიერ არაქართულენოვანი მოქალაქეების „მეორე ენად“ აღიარება, რაც ამცირებს ამ მოსახლეობის მოტივაციას.
4. მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია და ქართული ენის სახელმძღვანელოები.
5. ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიის არასრულყოფილება.
ჟანა ხაჩატურიანის პედაგოგიური პრაქტიკა მრავალფეროვანია, ის სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების ადამიანებთან მუშაობდა. ძნელია პასუხის გაცემა, ვინ უკეთ ფლობს ენას, მაგრამ აშკარაა, რომ ახალგაზრდა თაობას უკეთ ესმის სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობა. ისინი ხვდებიან, რომ ენის არ ცოდნის გამო, სრულ ენობრივ იზოლაციაში აღმოჩნდებიან, რაც ხელს შეუშლის მათ ინდივიდუალურ განვითარებას და ინტეგრაციას.
ჯავახეთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემის მოგვარება პირველი და მთავარი ნაბიჯია ჩვენი მოსახლეობის ენობრივი იზოლაციიდან გამოსაყვანად.
ლიდა ალმასიანი