ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას მინი სტადიონი გარემონტდება. სამუშაოები 10 დღეა მიმდინარეობს. სარემონტო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კერძო მეწარმეებმა არტურ პეტროსიანმა და აშოტ კარახანიანმა, ამ უკანასკნელმა კი გაიმარჯვა 57 983 ლარით.

2

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

„სამუშაოები დაახლოებით 10 დღის წინ დავიწყეთ, უბრალოდ წვიმიანი ამინდი გვიშლის ხელს მუშაობაში. თუ ამინდის პირობები საშუალებას მოგვცემს და სამშენებლო მასალა იქნება, სამუშაოს გაცილებით ადრე დავასრულებთ“, – ამბობს ერთ-ერთი მშენებელი.

კერძო მეწარმე აშოტ კარახანიანის წარმომადგენელმა, სერგეი კარახანიანმა, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს განაცხადა:

„სამუშაოს დასრულების ვადა 50 კალენდარული დღეა, მუშაობა თითქმის 15 დღის წინ დავიწყეთ. სტადიონი ქვიშით გავავსეთ და გავასწორეთ, ახლა ძირითადი ბეტონის სამუშაოები უნდა გავაკეთოთ, შემდეგ ხელოვნური ბალახი უნდა გავაშენოთ, დავამონტაჟოთ განათება, ხოლო შემდეგ ძირითადი შემოღობვის გასამაგრებლად სამუშაოები ჩავატაროთ“.