ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, როდესაც ყველაფერი დედაქალაქზეა ორიენტირებული, რაიონულ ცენტრებში და სოფლებში ახალგაზრდა ადამიანების დროსტარებისთვის თითქმის საერთოდ არ არის ადგილი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოვრება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით იწყება და მთავრდება.
ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოს პოვნისა და უმაღლესი განათლების მიღების მიზნით დიდ ქალაქებში მიდიან, ყველაფერს აკეთებენ, შესაძლებელს და შეუძლებელს, რომ სოფელში აღარ დაბრუნდნენ, რადგან მათთვის იქ ცხოვრება „ჩერდება“. Jnews-მა რამდენიმე სოფლის მაგალითზე შეეცადა მუნიციპალიტეტის სიტუაციის აღწერა.
ალათუმანი
ალათუმანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მქონე სოფელია, სოფლის მოსახლეობა ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა, ახალგაზრდების რაოდენობა კი მკვეთრად შემცირდა. ფაქტია, რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის დროის გასატარებელი ადგილი პრაქტიკულად არ არის. აქ არის მხოლოდ პატარა სტადიონი, რომლის მშენებლობაც „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში და რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სოფელში შესვლისთანავე თვალშისაცემია სოფლის კულტურის სახლი, რომლის კარები დაკეტილია. სპორდარბაზიც ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშია, წვიმიანმა ამინდმა შენობა უფრო დააზიანა. შენობის სახურავი, იატაკი და კედლები მთლიანად „აყვავებულია“, სპორტული ინვენტარი ობით არის დაფარული.
ალათუმანის კულტურის სახლი
ალათუმანის სოფლის სპეციალისტის მაკბე ტონოიანის თქმით, სოფელი თითქმის ყველაფერს მოკლებულია, ახალგაზრდების ინტერესი არ არის. მათმა უმრავლესობამ სოფელი დატოვა. ზოგიერთი მათგანი განათლებას საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებს, ნაწილი კი რუსეთშია წასული სამუშაოდ. ვისაც შესაძლებლობა აქვს, არათუ მშობლიურ სოფელში არ ბრუნდება, არამედ ოჯახები გადაჰყავს.
თუ 90-იან წლებში ალათუმანში დაახლოებით 240-250 ოჯახი ცხოვრობდა, დღევანდელი მონაცემებით სოფელში მხოლოდ 100 ოჯახი ცხოვრობს.
„ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. იგივეა სკოლაშიც, როდესღაც ჩვენს სკოლაში 300 მოსწავლე იყო, 10 წლის წინ 70-75, ხოლო დღეს 50-ზე ნაკლებია. წელს მხოლოდ 4 მეთორმეტე კლასელი გვყავდა. წელს 10 პირველკლასელია, მაგრამ ჩვეულებრივ 3-4 პირველკლასელი გვყავს“, – ამბობს მაკბეტ ტონოიანი.
ალათუმანის სპორტული დარბაზი, ფოტოები Jnews-ის არქივიდან. სპორტული დარბაზი ახლა დაკეტილი იყო, მაგრამ, როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, შიგნით არაფერი შეცვლილა.
შოთა ოვაკიმიანი არის სოფელ ალათუმანიდან, სწავლობს თბილისში, პროფესიით პროგრამისტია. დღეს მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია თბილისში და სოფელში დაბრუნების სურვილი არ აქვს.
„ყველაფერი ძალიან რთულია, არ არსებობს შესაძლებლობები. ახლა აქ ვსწავლობ, ვმონაწილეობ ბევრ ღონისძიებაში, როგორც პროფესიულ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსებში, რაც მეხმარება ჩემი პროფესიული ცოდნის განვითარებაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაცნობაში, ერთმანეთს ვესაუბრებით, ვუზიარებთ ჩვენს გზას და წარმატებებს. მოკლედ, აქ ცხოვრება საინტერესოა. სოფელში რა გავაკეთოთ, რით დაკვავდეთ? იქ ვერაფერს ვაკეთებ“, – ამბობს შოთა.
ბალხო
სოფელი ბალხო ახალქალაქიდან 16 კმ-ში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის სახნავი მიწა ცოტაა. სოფლის სკოლა – 9 წლიანია. შესაბამისად, ახალგაზრდები სამომავლო გეგმებს სოფლის გარეთ აწყობენ.
სოფეელ ბალხოს ბიბლიოთეკა
სოფლის უფლებამოსილი პირის მინას შახბაზიანის თქმით, სოფელს არც ახალგაზრდული ცენტრი აქვს, არც ბიბლიოთეკა და არც სტადიონი. ახალგაზრდების უმრავლესობა, 60-70%, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას ერევანში ან თბილისში აგრძელებს. დანარჩენები კი ან სამუშაოდ მიდის, ან ადგილობრივ სოფლის მეურნეობას ეწევა. სოფლის უფლებამოსილი პირის თქმით, მიგრაციის დონე ახლა მაღალი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეწყვეტილა.
„10 წლის წინ სოფელში 750 ადამიანი იყო, დღეს ეს რიცხვი 470-მდე შემცირდა. რაც შეეხება სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობას, 2007 წლის მონაცემებით სკოლაში 138 მოსწავლე იყო, დღეს კი მხოლოდ 42“, – თქვა მინას შახბაზიანმა.
კარენ გასპარიანი სოფელ ბალხოდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა სწავლა თბილისში გაეგრძელებინა, ის ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს. კარენი აღნიშნავს, რომ იქ დიდი შესაძლებლობებია და სოფელში დაბრუნების სურვილი არ არის. ის ამატებს, რომ გონებაში ყველა ფუქრობს სოფლის დატოვებაზე.
„სოფელში არ არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, ისაუბრებენ, დროს გაატარებენ, არის ბიბლიოთეკა და ის ცუდ მდგომარეობაშია და არავინ სარგებლობს. სოფელში ნამდვილად არ დავბრუნდები, იქ მომავალი არ მაქვს“, – ამბობს კარენი.
მიდეგამი
მოდეგამი მუნიციპალიტეტის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე შორეული სოფელია, არამედ ყველაზე პატარაც. სოფელი დღითიდღე ცარიელდება, მიზეზი საცხოვრებელი პირობების არქონაა. სოფლის მცხოვრებლები იძულებულნი არიან სახლები დაკეტონ და წავიდნენ, დახურულ კარს მიღმა დატოვონ ბავშვობა და ყველაფერი, რაც მათ მშობლიურ სოფელთან აკავშირებს.
მოდეგამის სკოლაც 9 წლიანია, გათბობის სისტემის და საკმარისი პირობების გარეშე.
სოფლის უფლებამოსილი პირის არამაის ჩახალიანის თქმით, სოფელი არ არის გაზიფიცირებული, არ არის გზა, არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობა მასობრივად მიგრირებს. ამბობენ, ვინც სკოლას ამთავრებს, სამუდამოდ ტოვებს სოფელს.
დღეს მოდეგამის სკოლაში 7 მოსწავლე სწავლობს, 10 წლის წინ კი 20-მდე. სოფლის მცხოვრებთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში: თუ 10 წლის წინ სოფელში 250-მდე მოსახლე ცხოვრობდა, დღეს ეს რიცხვი 120-მდე შემცირდა.
ბოზალი
ბოზალი პატარა სოფელია. მდებარეობს ახალქალაქიდან 21 კმ-ში, ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი გზატკეცილთან და რკინიგზასთან ახლოს მდებარეობს, სოფლის პრობლემები არ შემცირებულა. აქ პრობლემების უსასრულოდ ჩამონათვალი არსებობს: რკინიგზის მიერ გამოწვეული უხერხულობისგან დაწყებული ახალგაზრდებისთვის დროის გასატარებელი შესაძლებლობების არქონამდე, რაც ახალგაზრდებს აიძულებს სოფლის დატოვების გზები ეძებონ. დღეს ბოზალში 218 ადამიანი ცხოვრობს.
არარატ მეიროიანი სოფელ ბოზალიდან არის, ამჟამად სწავლის მიზნით თბილისშია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებსა და გერმანულ ენაზე სწავლობს. არარატი აღნიშნავს, რომ სოფელში ერთადერთი საინტერესო ადგილი სკოლაა.
„სოფელი პატარაა, ახალგაზრდები ცოტაა. სულ მცირე, უნდა იყოს ადგილი, სადაც დროს გაატარებენ, უნდა იყოს დასაქმების ადგილები, რომ დარჩენილი ახალგაზრდობა არ წავიდეს“, – ამბობს არარატი.
ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის შორეულ და პატარა სოფლებში სულ უფრო მეტია ჩაკეტილი კარი, ხალხი ოჯახებით სხვაგან გადადის საცხოვრებლად. თუ მიგრაცია ამ ტემპით გაგრძელდება, შორეულ სოფლებში მოხუცების გარდა არავინ დარჩება.