„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ სოფელ კუმურდოში ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. 18 აპრილს, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მათ დაათვალიერეს და გაზომეს ტერიტორია.
ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად კუმურდოში იმყოფებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანიც.
ჩვენთან საუბარში მან თქვა: „სამედიცინო ცენტრი ჰოლდინგის ფინანსური რესურსებით შენდება, ჩვენგან მიწის გადაცემა ხორციელდება. მიწა შეიძლება იყოს, როგორც მუნიციპალური, ისე სახელმწიფო. მიწის აზომვითი პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, შემდეგ დაიწყება სამშენებლო პროცესი, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის დაიწყება სამუშაოები“.
ამჟამად კუმურდოში სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მოსახლეობისთვის მოსახერხებელი არ არის.
მნაცაკანმა ასევე აღნიშნა, რომ რაიონში არის სამედიცინო ცენტრები, რომლებიც საჭიროებენ რემონტს, ისინი ჰოლდინგმა უნდა გაარემონტოს, ასევე ჰოლდინგის სახსრებით აშენდება ახლები.
სოფელ კუმურდოს დეპუტატმა არამაის ზაქარიანმა თქვა: „ახალი სამედიცინო ცენტრის აშენება გვინდა, სოფელში სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრის მწვავე საჭიროებას ვგრძნობთ, მოგეხსენებათ სოფელი დიდია, შესაბამისად, არის საჭიროება. სოფელში მედდაც გვყავს, რომელიც ამჟამად მუშაობს, მაგრამ შენობა ძალიან ძველია და ნორმალური პირობები არ არის“.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს” გადაეცა სოფელ მაჯადიას, დილისკას, ზაკის, გადოლარის, არაგვას, ტურცხის, აზავრეთის, ბარალეთის, გოგაშენის, იხტილას, ალასტანის, კარტიკამს, კუმურდოს და ალათუმანის სამედიცინო ცენტრები.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 46 ექთანი და 23 ექიმი მუშაობს. სამედიცინო ცენტრები ხელმისაწვდომია სოფლებში: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმბურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა, ზაკი, კარტიკამი, ღადოლარი. ზოგიერთ სამედიცინო პუნქტს აკლია ავეჯი და ელექტროენერგია.