ქალაქ ნინოწმინდის შესასვლელში, სოფელ ხანჩალში მიმავალ გზაზე, საბჭოთა დროის ნახევრად დანგრეულ ორსართულიან შენობაში უჩვეულო არეულობა სუფევს. 35 წლის ადელინა ესოიანი და მისი სამი შვილი, გალუსტი, ვრამი და ესთერი, რომლებიც აქ ოთხი წლის წინ დასახლდნენ, უკვე მრავალი წელია შენობაში სიჩუმეს არღვევენ. ოჯახის მამა, რომელიც სოციალურად რთულ პირობებში ცხოვრობს, ცოლის სისტემატური ცემისთვის ციხეში ზის. ოჯახი სახელმწიფოს 300-ლარიანი დახმარებით ცხოვრობს.
ადელინა 3 შვილთან ერთად
ჩვენ გვხვდება ადელინა. ბავშვით ხელში კარის სახელურს ეძებს და სახლში გვეპატიჟება. შიგნით ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია, ყველა ნივთი თავის ადგილას დევს, იმდენად სუფთაა ყველაფერი, რომ ფიქრადაც ვერ გაივლებ, რომ ოჯახის დიასახლისი მარტო ზრდის სამ შვილს. გალუსტი, უფროსი შვილი, ამბობს, რომ ის უკვე დიდია და დედას ეხმარება. ვრამი, სულ რაღაც ერთი წლით არის უმცროსი გალუსტზე, ჩქარობს მოყვეს ყველაფრის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გალუსტი და ვრამი 6-5 წლის არიან, ისინი ყველაფერს ხვდებიან და დედას ყველა საქმეში ეხმარებიან. ბიჭები პატარა დაიკოს ტანსაცმელსაც კი უცვლიან, აჭმევენ, ეთამაშებიან. დედის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ.
5 წლის ვრამი იცვლის
არარატ ეზეკიანი და ადელინა ესოიანი 2013 წელს დაქორწინდნენ. პირველი შვილი, გალუსტი 2014 წელს დაიბადა, 2015 წელს მეორე ბავშვი, ვრამი შეეძინათ, 2018 წელს კი, გოგონა ესთერი. ქალის თქმით, თავდაპირველად მისი მეუღლე ტაქსისტი იყო და ჰქონდა ოჯახის რჩენის შესაძლებლობა. ცხოვრობდნენ ნაქირავებ სახლში. თუმცა, დროდადრო ვალები იმატებდა, ქმარმა დაიწო სმა. იძულებულნი გახდნენ ნინოწმინდის მერიისთვის და პარლამენტის დეპუტატისთვის, ენზელ მკოიანისთვის, მიემართათ, რათა საცხოვრებელი ადგილი მაინც ჰქონოდათ.
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ადელინა ვერ მუშაობს და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები თითოეული ბავშვისთვის 100 ლარს იხდის. ადელინა ცდილობს თანხა ისე გადაანაწილოს, რომ 300 ლარი ერთი თვის განმავლობაში ეყოს, ამასთანავე ვალი არ ჰქონდეს. არ ჩივის, ამბობს, რომ ყველა სირთულე გაივლის, მთავარია ბავშვები იყვნენ ჯანმრთელად და მშვიდ გარემოში იზრდებოდნენ.
გალუსტი და ვრამი ტკბილეულს მიირთმევენ
ზამთრის თვეებში ოჯახის სოციალური მდგომარეობა უარესდება, სახლის გათბობისთვის თვეში დაახლოებით 250 ლარი სჭირდებათ. ამჟამად დედისა და სამი არასრულწლოვანი ბავშვის არსებობის საშუალება – ბავშვების დახმარებაა. სახელმწიფოსგან ისინი მხოლოდ ერთს ელოდებიან.
“ამ სახლის გადაფორმება, რომ შემეძლოს ჩემი შვილების სახელზე, რათა ნებისმიერ შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილი გვქონდეს და თვალებზე მკურნალობა შემეძლოს, რათა ცოტათი მაინც ვხედავდე”, – ამატებს ადელინა ესოიანი.
ადელინა ესთერთან ერთად
31 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ადელინა საარჩევნო უბანზე მივიდა, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რადგან კაბინაში დედასთან ერთად ცდილობდა შესვლას, რაც კანონით აკრძალულია. ის დარწმუნებულია, რომ თუკი მთავრობა ისურვებს, მის პრობლემას მოაგვარებს. არჩევნებზე იმ იმედით მივიდა, რომ არჩევნების შემდეგ რაღაცა მაინც შეიცვლება, მაგრამ ახლა ამას ნანობს. არჩევნებიდან გასულია ორი თვე, მაგრამ მისი არცერთი პრობლემა არ მოგვარებულა.
აღსანიშნავია, რომ, ადელინასგან განსხვავებით, 41 წლის ტერეზა ავაგიანმა არჩევნების დღეს ხმა არავის მისცა. ის მთავრობისგან არაფერს ელოდება, მას არ სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ მისი შვილების ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. ოჯახის მომავალს ის რუსეთში მუშაობას უკავშირებს.
“ჩვენთვის არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველი შემთხვევისათვის, არჩევნების შემდეგ დღემდე ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ჩემი იმედი – ჩემი სამუშაოა, ჩემი საქმე და მეტი არაფერი. ხოლო ჩემს უფროს შვილს გაზრდა სჭირდება, დოკუმენტები სჭირდება, რომ 20 წელზე ნაკლების არ არის, რათა რუსეთში სამუშაოდ წასვლა მოახერხოს, – ამბობს ოთხი შვილის დედა და დასძენს, – ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახლი არ გვაქვს, ახლა შორეული ნათესავის სახლში ვცხოვრობთ, რომელიც ფულს არ გვართმევს. მაგრამ რასაკვირველია, ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრას: სახლი გაათავისუფლეთ, უნდა გავყიდო, ან გავაქირავოო, ბოლოს და ბოლოს, ის ვალდებული არ არის უფასოდ მოგვცეს საცხოვრებელი. ქირას თუ გადავიხდით, კიდევ ერთი დანახარჯი დაგვემატება. ჩემი ხელფასით ვერ შევინახავ ოჯახს, ბავშვი საზღვარგარეთ სამუშაოდ უნდა წავიდეს, რომ ჩვენი საკუთარი სახლი გვქონდეს”, – ამბობს ოთხი შვილის დედა.
მარტოხელა დედა სამ არასრულწლოვანს და ერთ უფროს ბავშვთან ერთად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ტერეზა სახელმწიფოს ისეთ სამუშაოს სთხოვს, რომელიც მისი ბავშვების მინიმალურ მოთხოვნებს მაინც დააკმაყოფილებს. ქალაქ ახალქალაქში ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ოჯახი თვეში 340 ლარის ოდენობის ღარიბთა დახმარებით და პურის საცხობში ტერეზას მიერ მიღებული 250 ლარის ხელფასით ცხოვრობს.
ავაგიანების სახლში სამლოცველო კუთხე
“საცხობში ვმუშაობ, ჩემი ხელფასი დამოკიდებულია დღეში გამომცხვარი პურის რაოდენობაზე. ფქვილის ტომარა 7 ლარი ღირს, ეს ძალიან ცოტაა არსებობისთვის, 4 შვილი მყავს. არ ვწუწუნებ, ყველაზე ელემენტარულის უზრუნველყოფა შემიძლია, მაგრამ ისინი ხომ ბავშვები არიან, ყველას, რაღაც უნდა”, – ამბობს ტერეზა.
ის წუხს, რომ მისი შვილი მალე სკოლას დაამთავრებს, მაგრამ სამუშაო არ არის, ხოლო უფროსმა გოგომ უფულობის გამო, სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებულია მაღაზიაში იმუშაოს.
მიუხედავად უამრავი სირთულისა და პრობლემისა, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს სახელმწიფოს დიდი იმედი არ აქვთ, საცხოვრებელი პირობების შეცვლის მოლოდინი არ აქვთ და წინ მიიწევენ, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად.