უკვე მეორე წელია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას ახორციელებს. ახლა გამოცხადებულია ახალქალაქის მცხოვრებლებისგან განაცხადების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ ქალაქის განვითარებისთვის თავიანთი იდეების წარდგენა. სამოქალაქო ბიუჯეტირების ოდენობა 50 000 ლარამდე გაიზარდა.

სამოქალაქო ბიუჯეტირების განხორციელების მთავარი მიზანია მოსახლეობის ჩართვა საქალაქო თუ რეგიონული მართვის პროცესებში. ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტის ფული.

გუშინ, 11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა და მერიის თანამშრომლებმა ადგილობრივ მედიას ქალაქის განვითარების იდეების კონკურსზე განაცხადების მიღების შესახებ აცნობეს. მოქალაქეებისგან განაცხადები მიიღება 15 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით.

ქალაქ ახალქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და რეალურად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია შესთავაზოს იდეა, რომელიც მუნიციპალიტეტის საერთო სიკეთის განვითარებაზე იქნება მიმართული. ინიციატივის ბიუჯეტი წელს 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გათვალისწინებული.

ახალქალაქის მცხოვრებლების მიერ დაწერილი იდეის/პროექტის რეალიზება უნდა იყოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, ის უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და არა კერძო ან ბიზნეს ინტერესებს. პროექტის განხორციელება 2025 წლის განმავლობაში უნდა იყოს შესაძლებელი.

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე varchucyun@gmail.com, ან წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მისამართზე: ჩარენცის ქუჩა 11.

გამარჯვებულს ხმის მიცემის გზით თავად ახალქალაქის მოსახლეობა გამოავლენს. ამიტომ ამ პროგრამის ეფექტური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ამ პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

დამატებითი ინფორმაცია, ასევე, ქართულ და სომხურ ენებზე განაცხადის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე akhalkalaki.gov.ge და მერიის ფეისბუქის გვერდი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირება „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში დაინერგა. პროექტს ორგანიზაცია „HEKS-EPER Georgia“ სამცხე-ჯავახეთის პარტნიორის, ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) მხარდაჭერით ახორციელებს.