ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, ნაგვის ურნების გაჩენასთან ერთად, ხალხი ნაგავს ხეობაში საერთოდ აღარ ყრის, მაგრამ ზოგან გადაყრილი ნარჩენების „სურნელი“ იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა ბოლომდე არ მოგვარებულა. სოფელში ბევრს მიაჩნია, რომ სისუფთავის საკითხი საბოლოოდ გადაიჭრება სანაგვე ურნების დამატებით, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ არც ეს უშველის.

სოფელი კუმურდო მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ერთ-ერთი დიდი სოფელია. აქ 400-ზე მეტი მეურნეობა და 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სანამ სოფელში ნაგვის ურნები დამონტაჟდებოდა (3-4 წლის წინ) მოსახლეობა ნაგავს ძირითადად ხეობაში ყრიდა.

kumurdo deq5

ახლა სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე 14 სანაგვე ურნაა. სოფლის ბევრ ქუჩაზე ნაგვის ურნები არ არის დამონტაჟებული. მართალია, მოსახლეობა ნაგავს ურნებში ყრის, მაგრამ ხეობაში ნარჩენების სუნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არიან ისეთებიც, ვინც მას ძველი ჩვევის თანახმად ან ურნამდე მიტანის უხერხულობის გამო აკეთებს.

16 ნაგვის ურნა იყო, თუმცა წელს 2 გატყდა და სერვის ცენტრმა ისინი წაიღო.

სოფელში მეტალის და პლასტმასის ურნები დამონტაჟებულია ცენტრალურ ქუჩაზე, ერთმანეთისგან 100 მეტრის დაშორებით. ისინი დამონტაჟებულია საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, სარიტუალო სახლთან, ასევე სოფლის შესასვლელთან, მიუხედავად იმისა, რომ სახლები არ არის, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ ადგილას ნაგვის ურნები აუცილებელია.

gumurdo1

სოფელ კუმურდოში ნარჩენების გატანით ძირითადად კმაყოფილები არიან, თუმცა თვლიან, რომ საჭიროა ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდა.

„სოფლის გარეუბანში ურნები არ არის დამონტაჟებული, არც სოფლის ზემო ნაწილში, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზეა დამონტაჟებული. ამ ადგილებიდან ნაგავი მოაქვთ და ყრნებში ყრიან. ვფიქრობ, მათი რაოდენობის გაზრდაა საჭირო, რომ სოფელი კიდევ უფრო სუფთა გახდეს“, – ამბობს ლევონ ჩოლახიანი.

ისრაელ მატევოსიანი ამბობს, რომ მათ ქუჩაზე ნაგვის ურნები არ არის, ნაგავი სკოლასთან არსებულ ურნაში მიაქვს.

„ჩვენთვის მოსახერხებელია ნაგვის იქ მიტანა. რაც მეტი ურნა, მით უფრო სუფთა იქნება სოფელი, თუმცა ხდება, რომ ყველგან ყრიან ნაგავს, ასეთებიც არიან, მაგრამ თანდათან სწავლობენ, რომ გარემო არ უნდა დააბინძურონ“, – ამბობს ის.

სირაკ გრიგორიანი ამბობს, რომ ურნების გაჩენის შემდეგ მოსახლეობამაც დაიწყო ცვლილება, ცდილობენ სოფელში სისუფთავე შეინარჩუნონ.

„ძალიან იშვიათად ხდება, რომ ურნებთან ნაგავი გროვდება. კვირაში ორჯერ ასუფთავებენ. ძირითადად, გაზაფხულზე და შემოდგომაზეა ბევრი ნაგავი, და ამ დროს შეიძლება იყოს მიმოფანტული ნაგავი ურნებთან”,- თქვა სირაკ გრიგორიანმა.

დიასახლისი არმენუი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ ზრუნავენ გარემოს, ან უბრალოდ თავიანთ გარშემო სისუფთავეზე.

„არიან ადამიანები, რომლებიც ურნებში არ ყრიან, ახლა ზაფხულია, ბალახი გაიზარდა, არ ჩანს, მაგრამ ზოგი გზის პირას ყრის. გაზაფხულზე მინდორში შესვლა შეუძლებელია, ყველგან ნაგავია. მანქანით გადიან და ყრიან. ეს აღზრდაზეა დამოკიდებული”,- ამბობს არმენუი.

kumurdo deq4

სოფელ კუმურდოში მოსახლეობა ნაგვის გატანის საფასურს ჯერ არ იხდის. თუმცა, მერიის ნარჩენების მართვის გეგმების მიხედვით, ეტაპობრივად შესაბამისი პირობების შექმნით, სერვისცენტრი ყველა სოფლიდან დაიწყებს ნაგვის საფასურის შეგროვებას. სერვისცენტრი ამ ეტაპზე ნაგვის გატანის საფასურს 18 სოფელსა და ახალქალაქში აგროვებს.

ნაგვის გატანის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 50 თეთრს, თუ ოჯახში ოთხზე მეტი ადამიანია, გადასახადი 2 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის პროცესის გაუმჯობესების ფარგლებში, ნარჩენების არასწორ ადგილას გადაყრის ან სხვა დარღვევების შემთხვევაში მერიას და სხვა შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ სანქციების, ჯარიმების გამოყენება.