დღეს, 9 თებერვალს, სოფელ კარტიკამის, კულიკამის და ხულგუმოს მოსახლეობა ახალქალაქის მერიის შენობასთან შეიკრიბა იმის გასარკვევად, რა მიზეზით შეწყვიტეს იმ მიკროავტბუსების დაფინანსება, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ქალაქის საჯარო სკოლებში გადაჰყავდა, უმეტეს შემთხვევაში ახალქალაქის №2 რუსულ სკოლაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაფინანსების შეწყვეტა კორონავირუსის გამო, ბიუჯეტში ჩავარდნით განმარტა.
ახალქალაქის ახლომდებარე სოფლებიდან დაახლოებით 60 მცხოვრები დღეს, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან შეიკრიბა, მათ უნდოდათ გაერკვიათ, რა მიზეზით მოეხსნა დაფინანსება მიკროავტობუსებს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სამი სოფლიდან ახალქალაქის სკოლებში გადაჰყავს. როგორც Jnews-ს შეკრებილებმა უთხრეს, ასეთი 50-მდე ბავშვი სწავლობს ახალქალაქის სკოლებში. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას ამაზე საუბარი ახალქალაქის მერთან უნდოდა, მაგრამ მერიის ეზოში მათ პარლამენტის დეპუტატი, სამველ მანუკიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი შეხვდა.
დაფინანსების მოხსნა იმით ახსნეს, რომ კორონავირუსის გამო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აქვს დეფიციტი, ამიტომ ზოგიერთი დანახარჯის მოხსნა მოუწიათ, მათ შორის, მარშუტკების დაფინანსების, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ახალქალაქის სკოლებში 3 სოფლიდან დაჰყავს.
სამველ მანუკიანმა შეკრებილ მოსახლეობასთან საუბარში განმარტა, რომ ასე შეკრებით საკითხის მოგვარება შეუძლებელია, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა არ აქვს და სოფლებს შორის განსხვავების გაკეთებაც არ შეიძლება, რატომ უნდა მოემსახუროს მიკროავტობუსი მათ და სხვებს არა? თუმცა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი შესაძლებლობა ყველა სოფლისთვის არსებობდეს.
“რატომ გინდათ, რომ მოგატყუოთ. ეს შეუძლებელია. სხდომაზე მე თვითონ მინდოდა, რომ ეს მომსახურება დარჩენილიყო. მაგრამ თუკი შეუძლებელია, დაჟინებით მაინც რატომ ითხოვთ”, – თქვა სამველ მანუკიანმა.
ნაირი ირიციანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა, მაგალითად, კაზინოდან არ მიიღო შემოსავალი და ბიუჯეტში წინა წლის განმავლობაში არცერთი თეთრი არ შემოსულა, ამიტომ ბიუჯეტი შემცირდა, ბიუჯეტს ამის საშუალება რომ მოეცა, ეს პრობლემა არ იქნებოდა. ირიციანმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რამდენიმე ადამიანი შეიკრიბონ და ბავშვებისთვის ერთი მანქანა იქირაონ. რაც შეეხება იმას, რომ მშობელთაგან ერთს გზის საფასურის გადახდა არ შეუძლია, ირიციანმა შესთავაზა გამონაკლისი შემთხვევების დასახმარებლად მერიას მიმართონ.
მოსახლეობამ განმარტა, რომ ბავშვების დამოუკიდებლად ქალაქში გაგზავნის შესაძლებლობა არ აქვთ, მეორე მხრივ, ბავშვები დაბალი კლასის მოსწავლეები არ არიან, რომ სოფლის სკოლაში გადაიყვანონ, მშობლებსაც უნდათ, რომ ბავშვებს არჩევანის უფლება ჰქონდეთ. დისკრიმინაციის თაობაზე შეკრებილებმა საკუთარი მაგალითი მოიყვანეს, რომ თუკი სხვა სოფლებში რამე შენდება, ხოლო მათ სოფელში არა, რა გააკეთონ, აშენებული დაანგრიონ? მთავრობას, ასევე, შეახსენეს არჩევნები: – დღეს თქვენ გვექცევით ასე, ხვალ-ჩვენ. დღეს-ხვალ არჩევნები იქნება.
პასუხის მიღების შემდეგ, კარტიკამის, კულიკამის და ხულგუმოს მოსახლეობა სოფლებში დაბრუნდა, რათა მოიფიქრონ, როგორ მოაგვარონ ეს საკითხი.