18 ივნისს, ახალქალაქის მერიაში „უფრო სუფთა მუნიციპალიტეტის“ პროექტის ფარგლებში მერიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ღია საზღვრებს“ შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით შეხვდა მერი, მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და მაღალი შეფასება მისცა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მერიის თანამშრომლობას.
შეხვედრაზე განიხილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი სექტორის პრიორიტეტები, თანამშრომლობის შესაძლო ფორმატები, ასევე თანამშრომლობა სხვა სფეროებში.
ნარჩენების მართვის გაუმჯობესების კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ მერიასთან ერთად მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში უკანონო ნაგავსაყრელების აღმოფხვრასა და მათი ხელახლა ჩამოყალიბების მიზნით იმუშავებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ თავმჯდომარემ საპრეზენტაციო სიტყვაში აღნიშნა, „ნარჩენების მართვის გაუმჯობესების“ კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცირე კვლევა ჩატარდა, რომლის საფუძველზეც შეირჩა 4 სამიზნე სოფელი: კუმურდო, ჩამდურა, ბეჟანო და ხანდო.
თავის მხრივ, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მოკლედ ისაუბრა მერიის მიერ ნარჩენების მართვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ და ხაზი გაუსვა მოსახლეობის დამოკიდებულებას.
მერია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, მოსახლეობას, მერიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციას, ურთიერთთანამშრომლობას, განსაკუთრებით ნარჩენების გატანის სფეროში.