გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრმა ორი ახალი ავტომანქანა მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უკანასკნელად მათ მანქანები 2019 წელს მიიღეს.


რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების ცენტრმა ახალი ავტომანქანები მიიღო, მათ შორის, ორი მანქანა- ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრმა. თუმცა, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ მათ არავითარი ახალი ავტომანქანა არ მიუღიათ.

“ჩვენ ახალი მანქანები არ მიგვიღია, ის მანქანებიც, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ახალია. ალბათ, გადასცეს იმ ცენტრებს, სადაც მანქანების უფრო მეტად საჭიროება იყო”, – ამბობს ერემ ეზოიანი, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი.

ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ცენტრსაც არ მიუღია ახალი ავტომანქანები.

ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრმა ახალი ავტომანქანები 2019 წელს მიიღო, თითოეული Toyota -ს მარკის ახალი მანქანის ღირებულება 50 ათას ევროს შეადგენს.