საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ევროკავშირის დაფინანსებით, რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ დღეს, 11 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალქალაქის მედიის წარმომადგენლებთან პროექტების იდეები განიხილა, რომლებიც აღნიშნული კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაიწეროს.
მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონკურსის პირობები გააცნეს და პროექტებისთვის იდეების წარდგენა სთხოვეს. იდეები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე უნდა იყოს მიმართული.
განხილვის დროს სოფელ აფნიაში სადამკვირვებლო მოედნის აშენებისა და კუმურდოდან ვარძიამდე გზის გაყვანის თაობაზე წინადადებები გაჟღერდა. იდეის ავტორების თქმით, ისინი ახალქალაქში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე იყო ამირანის გორის დასასვენებელი ზონის გარშემო საცალფეხო გზის კეთილმოწყობის შეთავაზება, ჭობარეთში ბანაკის აშენება, აბულის ციხესთან, ლევანას ტბისკენ მიმავალი გზების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შესაქმნელად ავტობუსების შეძენა და სხვა.
ევროკავშირმა მთელი საქართველოსთვის დაახლოებით 306 მილიონი ლარი გამოყო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს. ახალქალაქს კონკურსზე რამდენიმე პროექტის წარდგენა შეუძლია.
შეკრებილებმა 13 ივლისს კონკრეტული იდეებით შეკრება გადაწყვიტეს.