ახალქალაქ-კარწახის საავტომობილო გზა, რომელიც სრულად არ აღდგენილია, ნადგურდება. გზა ზოგ ადგილას გაუვალ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით ე.წ მონაკვეთი „გოროდოკი“ და სოფელ კარწახში. მიზეზების გარკვევას Jnews-ი ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული წარმომადგენლისგან შეეცადა.
ახალქალაქი-კარწახის გზის მომსახურება და საწყისი და საბოლოო მონაკვეთების რეაბილიტაციაზე მუშაობა შპს „არალიმ“ მოიგო. კომპანია გზაზე მუშაობს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები „გოროდოკის“ მონაკვეთზე და სოფელ კარწახში არ მიმდინარეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის 31 კმ-ზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზა 2010 წელს აშენდა. მას შემდეგ საფუძვლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, გარდა 1 კმ-სა სოფელ ვაჩიანში, რომელიც 2022 წელს გარემონტდა, და ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები, რომელიც ცალკეულ მონაკვეთებში ჩატარდა.
2022 წელს ახალქალაქი-კარწახის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერში შპს „არალიმ“ გაიმარჯვა. სარემონტო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო, კომპანიამ სოფელ კარწახიდან ბოზალამდე გზა გაარემონტა, წელს სოფელ კარწახიდან თურქეთის საზღვრამდე – კარწახის საგუშაგომდე. ასევე 2022 წელს სოფელ ვაჩიანში 1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩატარდა, მაგრამ ეს სამუშაოები შპს „ჯავახ ავტო გზამ“ განახორციელა. სოფელ კარწახში გზა, ასევე აღნიშნული ტრასის დასაწყისში „გოროდოკის“ მონაკვეთი, რომელიც ქალაქ ახალქალაქის გარეუბანშია, მოსახლეობის არაერთი საჩივრის მიუხედავად, განადგურებულ მდგომარეობაშია.
Jnews-მა არაერთხელ დაწერა „გოროდოკის“ მონაკვეთის ცუდი მდგომარეობის შესახებ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასევე კომპანია „არალი“ მუდმივად ირწმუნებოდნენ, რომ გზა გარემონტდებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, 2 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მხოლოდ დროებით შეივსო.
Jnews-ი ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ წარმომადგენელს გელა კახიძეს ესაუბრა. მისი თქმით, სოფელ კარწახში გზის რეაბილიტაციას თავად მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა, ხოლო „გოროდოკის“ მონაკვეთში სამშენებლო კომპანიას სამუშაოს გაკეთებას ვერ აიძულებენ.
„ეს გზა „არალიმ“ უნდა გააკეთოს, ახლა გზა საგარანტიო ვადაშია. შარშანაც მათ გააკეთეს, 1-3 კმ გზა, შარშანწინაც გააკეთეს, დაზიანდა. როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს,ამ მონაკვეთის („გოროდოკის“ მონაკვეთი) გაკეთებას ვაიძულებ. დეპარტამენტმა (საავტომობილო გზების) უნდა აიძულოს, მე ვერ ვაიძულებ. ისინი ახლა კარწახში მუშაობენ. თავად სოფელში სამუშაოების ჩატარების უფლება სოფლის მოსახლეობამ არ გაუშვა. მათ დეპარტამენტს მისწერეს, რომ სახლები ინგრევა. კომისიამ უნდა შეამოწმოს ეს ყველაფერი, მომავალ კვირას კომისია ჩამოვა და ადგილზე შეამოწმებს“,- თქვა გელა კახიძემ.