დღეს, 18 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის მაცხოვრებლები მივიდნენ მერიაში, რათა მათ მოთხოვნებზე პასუხები მიიღონ. ისინი მერის მოადგილეებს შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული პასუცი მაინც ვერ მიიღეს.
სოფელ აბულის 60-ზე მეტი მკვიდრი დილიდანვე მივიდა მერიაში, რათა შეხვედროდა დეპუტატს და ქალაქის მერს. სოფელ აბულის მცხოვრებლებს აცნობეს, რომ ისინი ქალაქში არ იმყოფებოდნენ. აბულელებმა არ დატოვეს მერიის შენობა და გადაწყვიტეს ადგილზევე დალოდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სოფელ აბულის მაცხოვრებლებს მერის მოადგილეები არმენ მარანგოზიანი, შალვა ბალახაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრა მერიის შენობაში გაიმართა.
შეხვედრის დროს გორ ერიციანმა მთელი სოფლის სახელით მოითხოვა პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ 5 დეკემბერს “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბში იყო დასმული.
შეგახსენებთ, რომ 5 დემეკბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის მოსახლეობა ითხოვდა ყურადღება მიექციათ მათი სოფლის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობისათვის. მაშინ შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი, ქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს წარმომადგენელი ნაირი ირიციანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას მოცდა ურჩიეს, ვიდრე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი.
ხორენ იორდანიანის თქმით, ბოლო შეხვედრიდან დაახლოებით 10 დღეა გასული, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არავითარი წინსვლა არ იგრძნობა.
“ჩვენ მოვედით, რათა ჩვენს კითხვებზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ”- ამბობს ის.
მოსახლეობის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის პრობლემაა, მთავარი საკითხია “პახახბიურნერ” (ცივი წყაროები).
სოფელ აბულის მოსახლეობას უკვირს, რომ მათი “ცივი წყაროდან” წყალი გაჰყავთ სოფელ ხორენიაში, მაშინ როდესაც სოფელ აბულში სასმელი წყალი არ არის.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, წინა შეხვედრაზე მათ დაპირდნენ პროექტის შეჩერებას.
“გეუბნებით, ერთ სოფელს მეორეს ნუ დაუპირისპირებთ. პროვოცირებას ნუ გვიკეთებთ, ჩვენ სოფლელებთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს არ მოხდება. სოფელ ხორენიაში წყლის მიყვანისათვის ჩვენს წყაროს ყოფენ. ეს ჩვენი წმინდა ადგილია, ჩვენი დასვენების ზონაა”,- აღნიშნა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
როგორც მერის მოადგილემ, არმენ მარანგოზიანმა აღნიშნა, სოფელ ხორენიაში წყალგაყვანილობის სამუშაოები შეჩერებულია.
თუმცა სოფელ აბულის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სამუშაოები კვლავ გრძელდება და მოითხოვს მათ შეჩერება.
მოადგილეებმა აბულის მოსახლეობას კონკრეტული პასუხები ვერ გასცეს, რადგან ბევრი რამ მათ კომპეტენციაში არ შედის.
არმენ მარანგოზიანის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნები განიხილება და ისინი მალევე მიიღებენ პასუხს.
“ყველაფერი ადვილად ვერ მოგვარდება, ყველაფერს დრო სჭირდება”,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.
გორ ერიციანის თქმით, წინა შეხვედრაზე დაპირდნენ, რომ ჩავიდოდნენ აბულში და გამონახავდნენ იმ პრობლემების მოგვარების გზებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
“პრობლემის დასანახად არავინ არ ჩამოსულა”,- ამბობს გორ ერეციანი.
სოფელ აბულის მოსახლეობა აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ამას და მზად არის “ბოლომდე იბრძოლოს”.
“ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წყალი ჩვენ დაგვიტოვონ”,- ამბობს სოფელ აბულის მაცხოვრებელი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, თუ რამოდენიმე დღეში არ გაიცემა კონკრეტული პასუხები, ისინი კვლავ გააპროტესტებენ და მზად არინ თბილისშიც ჩავიდნენ.
შეხვედრის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ jnews-ის პირდაპირ ეთერში: