24 მარტს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობისას სოფელ კოთელიას ეწვია. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), პროექტის “ჭკვიანი სოფლების” ფარგლებში, სოფლისთვის კომპიუტერები და საკონფერენციო აღჭურვილობა იყიდა.

პროექტის “ჭკვიანი სოფლების” ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიასა და კარწახის სკოლებმა 10 კომპიუტერი, 2 ინტერაქტიული დაფა, ავეჯი და სხვა ტექნიკა შეიძინეს. სოფელ კოთელიას საჯარო სკოლაში ტექნიკურად აღჭურვილი ოთახი გაიხსნა.

კელი დეგნანმა “ჭკვიანი” ოთახი დაათვალიერა. ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარემ სერგეი ხაჩატრიანმა ელჩს ოთახი უჩვენა და პროექტზე, მოსახლეობაზე დადებით გავლენაზე, სკოლის კომპიუტერებითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხარისხიანი განათლებისთვის სოფელში საგანმანათლებლო და ციფრული ცენტრების შექმნა აუცილებელია. პროგრამამ კოთელიას სოფლის მცხოვრებლებისა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო რესურსების, კომუნიკაციების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.

smatr

სერგეი ხაჩატრიანის განმარტებით, ასეთი ოთახები ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გახსნა, რომელთაგან ორი ამერიკის საელჩომ დააფინანსა.

კელი დეგნანმა სოფელ კოთელიას სკოლის მოსწავლეების ნახატებიც დაათვალიერა, რომლებიც სკოლის დერეფანში იყო გამოფენილი.

posol3

კოთელიის სკოლის უფროსკლასელმა ელჩს თავისი ნახატი გადასცა.

posol4

ელჩი მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სტუმრებთან სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ეს ახალქალაქში მესამე ვიზიტი იყო.

„თქვენ ამერიკის სახით 30 წლის მეგობარი გყავთ, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ, რათა მოგცეთ სტიმული განავითაროთ ქვეყანა და დემოკრატია. ვიცით, რომ დეზინფორმაციით ხალხს ჩვენი მეგობრობის, ამერიკისა და საქართველოს დამოკიდებულების მიმართ უარყოფითად განაწყობენ, რათა ევროპული მომავლისთვის აღარ იბრძოლოთ. ამერიკა თქვენი მეგობარი იქნება მანამ, სანამ ეს გსურთ. მთავრობასთან ვმუშაობთ, რათა შედეგი უფრო ხელშესახები იყოს. გვინდა დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დასასრულს მოასწავლეებისა და მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ძირითადად ნატოში გაწევრიანებას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურას ეხებოდა.

ელჩის თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით 25 წელია ეხმარებიან, აძლიერებენ ქართულ არმიას, რათა იგი განვითარდეს და ნატოში გავწევრიანდეთ. როგორ შეიძლება საქართველოს დახმარება? კელი დეგანანის განმარტებით, შეუძლიათ განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების განვითარებაში დაეხმარონ. დამსწრეების შეკითხვა საქართველოზე მის შთაბეჭდილებასაც ეხებოდა. რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. კითხვები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტსაც შეეხო.

კელი დეგნანი სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლეებსაც გაესაუბრა, რომლებიც შეხვედრის დროს ნატო-სა და ევროკავშირს სკანდირებდნენ.

posol5

23-24 მარტს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ორდღიანი ვიზიტით ახალქალაქში იმყოფებოდა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რეგიონულ ოფისს ეწვია და ახალქალაქის ქართული სკოლის ახალგაზრდები გაიცნო.