საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის პირველ კვარტალში ჭკვიანი კამერების მიერ დაფიქსირებული ჯარიმების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი ჯარიმა ახალციხეში, ყველაზე ნაკლები კი ნინოწმინდაში დაფიქსირდა.
რეგიონში ვიდეოჯარიმების საერთო რაოდენობამ 29 316 შეადგინა, გადახდილმა თანხამ 1 656 200 ლარი შეადგინა, საიდანაც 20%-იანი ფასდაკლებით 14 943-მა მძღოლმა ისარგებლა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ჯარიმების რაოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით.
ახალქალაქში 3521 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა საერთო ოდენობით 258450 ლარი, 1273 მძღოლმა 20%-იანი ფასდაკლება მიიღო. ახალქალაქში ვიდეოჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით ფიქსირდება, რაც გულისხმობს ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება. დაჯარიმებულებიდან 9 იურიდიული პირი იყო, 1751 – ფიზიკური პირი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი, პირველი პრიმა და მე-2 პუნქტით 1761 პირი დაჯარიმდა, რაც მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დადგენილ სიჩქარეზე გადამეტებას გულისხმობს.
ნინოწმინდაში 279 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა, ჯარიმების ჯამურმა ღირებულებამ 26 300 ლარი შეადგინა, 20%-იანი ფასდაკლებით 101-მა ადამიანმა ისარგებლა. ჯარიმა დარეგისტრირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, რაც გულისხმობს ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელმაც დადგენილი წესით არ გაიარა რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება. დაჯარიმებულებიდან 9 იურიდიული, 270 ფიზიკური პირი იყო.
ახალციხეში ასევე დაფიქსირდა ვიდეოჯარიმები ორი მუხლით. ჯარიმების საერთო ღირებულება 16506 ლარი, აქედან 285 118-ე მუხლით, 16221 – 125-ე მუხლით. ვიდეოჯარიმების ჯამური ოდენობა 871550 ლარია.
ასპინძაში ვიდეოჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე და 125-ე მუხლებით დაფიქსირდა. ჯარიმები ჯამში 450 იყო, აქედან 117 118-ე მუხლით, 273 კი 125-ე მუხლით, რაც ნიშნავს, რომ მძღოლმა გადააჭარბა სატრანსპორტო საშუალების დადგენილ სიჩქარეს. ვიდეოჯარიმების საერთო ოდენობამ 32 300 ლარი შეადგინა.
ბორჯომში დარეგისტრირდა 8560 ვიდეოჯარიმა, აქედან 408 118-ე მუხლით, 8152 კი 125-ე მუხლით. ბორჯომში ვიდეოჯარიმების საერთო ღირებულებამ 467600 ლარი შეადგინა.
ვიდეო ჯარიმები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
სამცხე-ჯავახეთი: 29316,
აჭარა: 66920,
გურია: 32335,
თბილისი: 358257,
იმერეთი: 82603,
კახეთი: 17859,
მცხეთა-მთიანეთი: 9130,
რაჭა-ლეჩხუმი: 181.