29 აპრილს ახალქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის შესახებ შეთავაზებების მიღება მთავრდება.
აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი 19 აპრილს 25 986 ლარის ოდენობით გამოცხადდა. ტენდერი ითვალისწინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონოდ მიტოვებული ძაღლების ჰუმანურად დაჭერას, თავშესაფარში გადაყვანას, სადაც მოხდება მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიცირება ან, საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია და სამარხში ტრანსპორტირება.
აღვნიშნავთ, რომ 31 დეკემბრამდე 142 მაწანწალა ძაღლი უნდა იყოს დაჭერილი. პროცედურების დასრულების შემდეგ ძაღლები უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დაბრუნებული ახალქალაქში. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ განახორციელებს ამ სამუშაოს, ტენდერი ღიაა და განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ერთ-ერთი სერიოზულია არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ მთელ საქართველოში. ქვეყანამ აირჩია ამ საკითხის მართვის მეთოდი, რომელიც თავს არ ამართლებს, მაგრამ სიტუაციის შესაცვლელად ნაბიჯები არ გადაიდგმება. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტიდან გარკვეული თანხაა გამოყოფილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დაჭერის, სტერილიზაციის და უკან დაბრუნების მეთოდი თავს არ ამართლებს. ახალქალაქში, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, მაწანწალა ძაღლების კბენის 31 მსხვერპლი დაფიქსირდა. თავდასხმებს შორის იყო 18 წლამდე ასაკის 9 მცხოვრები.