23 მარტს მერიის სააქტო დარბაზში ახალქალაქის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა იყო „რა უნდა ვიცოდეთ ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“.
შეხვედრას ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული პროკურორი ვასილ ოსიძე და პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე გაუძღვნენ.
ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის, ფემიციდის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული.
„რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის დანაშაული და როგორ უნდა მოიქცეს დანაშაულების აღმოფხვრისთვის. ოჯახური ძალადობა მთელ საქართველოში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც არის გავრცელებული და მისი აღმოფხვრისთვის ძალიან მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ტელევიზიით, მედიიდან და მსგავსი შეხვედრებით შეუძლია“, – განმარტა ვასილ ოსიძემ.
პროკურორებმა დეტალურად განმარტეს რა არის ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, როგორ ისჯება, როგორ ხდება მისი პრევენცია და ვის უნდა დაუკავშირდნენ ასეთ შემთხვევებში.
„თუ ყველაფერი ქალისა და მამაკაცის თანხმობით ხდება, მაშინ ეს არ არის ძალადობა. ჩვენ ახლა ზეწოლასა და იძულებაზე ვსაუბრობთ. ძალადობად არა მხოლოდ ფიზიკური დაზიანება, არამედ იმ ადამიანის გვერდით ყოფნაა, რომელიც გძულთ“, – განაცხადა გიორგი ორჯონიკიძემ.
პროკურორებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა შეიცვალა; ახლა ხალხი მსგავსი შემთხვევების შესახებ პროკურატურას უფრო ხშირად მიმართავს. ადრე ადამიანები ძალადობას აიგნორებდნენ.
საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ოჯახური ძალადობის 5 000 შემთხვევა ფიქსირდება – 60-65% ქალების მიმართ.