ახალქალაქში ღამის 00:00 საათის შემდეგ ხალხი, ან არ უნდა დაავადდეს, რომ წამალი არ დასჭირდეს, ან ყველანაირი წამალი სახლში უნდა ჰქონდეს, რადგან ამ დროს ქალაქში ღია აფთიაქის მოძებნა შეუძლებელია.
ახალქალაქში 11 აფთიაქი ფუნქციონირებს, აქედან ერთი დილის 06:00 საათზე იხსნება, ხოლო დანარჩენი 09:00 საათიდან და სხვადასხვა საათებში, 19:00-დან 21:00, 21:30, 22:00 და 00:00 საათამდე იკეტება.
უკვე შუაღამისას ახალქალაქში ღია აფთიაქი არ არის, მაგრამ არიან მფლობელები, რომლებიც აფთიაქს გადაუდებელ შემთხვევაში ხსნიან.
ქალაქში სააფთიაქო ქსელ “ავერსის” 3 აფთიაქი ფუნქციონირებს, რომელთაგან მხოლოდ ერთმა 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე იმუშავა 24 საათის განმავლობაში, შემდეგ კი კადრების სიმცირის გამო, სადღეღამისო მუშაობა შეწყვიტა.
თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ როცა 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, მოთხოვნა ნამდვილად იყო და ახლაც დიდია. მათ ასევე სურთ, რომ აფთიაქი ისევ 24/7 იყოს ღია.
როგორც Jnews-ს აფთიაქების ქსელ “ავერსში” განუცხადეს, ერთი აფთიაქის, კიდევ ერთხელ, სადღეღამისოდ რეჟმზე გადაყვანა იგეგმება, თუმცა, როდის იქნება ეს არ იციან.
როგორც ქალაქის, ისე სოფლის მცხოვრებლების მოთხოვნაა, ერთი აფთიაქი მაინც იყოს ღია 24 საათის განმავლობაში.
„იყო შემთხვევა, როცა ჩემს პატარა შვილს ღამის 01:00 საათზე წამალი დასჭირდა, აქ, ვერც ერთი ღია აფთიაქი ვერ ვიპოვე, გამიმართლა, ჩემი მეგობარი თბილისიდან მოდიოდა, დავურეკე, უკვე ბორჯომში იყო და ჩამოიტანა. მეგობარი რომ არ დამმხმარებოდა, რას ვიზამდი? რატომ ეძახიან მათ აფთიაქებს, როდესაც ისინი საჭირო დროს დახურულია? მით უმეტეს, როცა ირგვლივ ასეთი ეპიდემიაა?” – ამბობს სოფელ ხანდოს ერთ-ერთი მცხოვრები.
იყო შემთხვევები, როცა ახალქალაქელები იძულებულნი იყვნენ წამლისთვის ახალციხეში ჩასულიყვნენ.
იმუშავებს თუ არა ერთი აფთიაქი მაინც ახალქალაქში უახლოეს მომავალში, დრო გვიჩვენებს