მოკრივე ჯავახეთიდან, ევროპის სამგზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ევროპის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ოთარ ერანოსიანი, რომელიც პროფესიონალურ კრივში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად 5 წლის შემდეგ ახალქალაქშია. მან ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ახალგაზრდა მოკრივეებს შეხედა და JNEWS-თან ისაუბრა იმაზე, თუ რით განსხვავდება ბავშვების შესაძლებლობები ამერიკასა და ჯავახეთში.
ერანოსიანის თქმით, თუ საბავშვო ასაკზე ვსაუბრობთ, შესაძლებლობები ერთნაირია ამერიკაშიც და ახალქალაქშიც – განსხვავებები ზრდასრულ ასაკში იწყება.
„პატარა ასაკში შესაძლებლობები იგივეა. ამ ასაკში ვარჯიში დიდად არ განსხვავდება, რადგან ბავშვები უბრალოდ ფეხზე დგომას სწავლობენ, მარცხენას, მარჯვენას სწავლობენ და ა.შ“. – აღნიშნავს მოკრივე.
რაც შეეხება ზრდასრულებს, ერანოსიანის თქმით, ამერიკაში განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვარჯიში ძალიან განსხვავდება, რადგან ამერიკაში უფრო განვითარებულია პროფესიონალური და არა სამოყვარულო კრივი.
ოთარი აღნიშნავს, რომ ახალქალაქში, ისევე როგორც ზოგადად საქართველოში, კრივის სფეროში დიდი მიღწევებია.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ჩვენს მომავალ ჩემპიონებს ვუყურებ. ჩვენ გვჭირდება მეტი ბრძოლა, შეხვედრები, შეჯიბრებები, რათა ბავშვებს მეტი გამოცდილება ჰქონდეთ, რათა საკუთარი თავი რინგზე გამოსცადონ და არა ვარჯიშზე.”
ოთარი მუდმივად ადევნებს თვალს ახალქალაქელი სპორტსმენების მიღწევებს და ძალიან უხარია. მას მიაჩნია, რომ ამ დროისთვის მისი მიზნები და ოცნებები, რომლებიც ბავშვობიდან ჰქონდა, თითქმის 50%-ით რეალიზებულია.
„დიდ შედეგებს მივაღწიე როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალურ კრივში“.
ოთარ ერანოსიანს ამ დროისთვის 14 მოგება და 0 წაგება აქვს, მალე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ამერიკაში გადასვლის საბედისწერო გადაწყვეტილებაზე საუბრისას ოთარი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„ვერ ვიტყვი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ წავსულიყავი, კარგად თუ ცუდად, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, რომ ვცხოვრობ გლენდეილში, ჩემი ოჯახი ჩემთანაა და უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევის დიდი შანსი მაქვს“, – გვიზიარებს ის.