ახალქალაქის სოფლებში კარტოფილის მოსავალი კვლავ სარდაფებში რჩება. სოფლის მოსახლეობა მოსავალს მცირე ფასადაც კი ვერ ყიდის. დღეს 1 კგ კარტოფილზე ფასი 50-დან 80 თეთრამდე მერყეობს.
ყოველ დილით სოფლის დასაწყისში სოფლის მცხოვრებლები კარტოფილის მყიდველებთან შეხვედრის იმედით დგებიან. მყიდველი ძალიან ცოტაა, ხალხს არ აქვს მოსავლის გაყიდვის საშუალება, ეშინიათ, რომ მათი წლიური შრომა კვლავ ნაგავსაყრელზე მოხვდება.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოში სოფლის მოსახლეობა უკვე კარტოფილის სათესი მიწების ფართობის შემცირებაზე ფიქრობს.
„ძალიან ცოტაა მყიდველი. მსხვილი კარტოფილი ძნელად იყიდება, საშუალო და პატარა კარტოფილი საერთოდ არ იყიდება. თანდათან იაფდება, ახლა 1 კგ მსხვილი კარტოფილის ფასი 60-70, მაქსიმუმ 80 თეთრია. ხალხი უკვე წუხს, რომ წელსაც მოუწევთ კარტოფილის ნაგავსაყრელზე გადაყრა. და ზოგადად, კარტოფილის მოყვანის ფართობის შემცირებაზე ფიქრობენ“, – ამბობს სოფლის სპეციალისტი აშოტ საარიანი.
სოფელ კიროვაკანის კარტოფილის საწყობებში ამჟამად 1000-მდე ტონა კარტოფილია, თუმცა მყიდველი არ არის.
„კარტოფილთან დაკავშირებით მდგომარეობა უკიდურესად დამთრგუნველია, მყიდველი არ არის, ფასები არ არის, მყიდველები შეიძლება კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოვიდნენ. კვირაში დაახლოებით 7-8 ტონა კარტოფილი იყიდება. სოფელში თითქმის 1000 ტონა კარტოფილია, როდის გაიყიდება არ ვიცით. ნორმალური კარტოფილის ფასი 50 თეთრია. რაც შეეხება თესლს, ფასი არც კი აინტერესებთ“, – ყვება სოფელ კიროვაკანის წარმომადგენელი რუსტამ მოვსისიანი.
სოფელში არის ხალხი, ვისაც კარტოფილი თბილისში ან ქუთაისში მიაქვს, მაგრამ იქ იგივე ღირს, რაც ადგილზე, 50 ან 55 თეთრი.
ანალოგიური ვითარებაა სოფელ ვაჩიანშიც. ფიოდორ თოროსიანი ამბობს, რომ მათ სოფელში მხოლოდ „ჯელის“ ჯიში იყიდება, კარტოფილის ჩიფსისთვის. ფასი იგივეა რაც სხვა სოფლებში, 50-60 თეთრის ფარგლებში.
ხოლო ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი გონდურაში, როგორც სოფლის სპეციალისტმა აღნიშნა, კარტოფილი აღარ დარჩა, თითქმის სულ გაიყიდა.
„დიდი ნაწილი გაყიდულია, ახლა 80 თეთრად იყიდება. მყიდველები ჩამოდიან სოფელში. იმის თქმა, რომ ფასი ძალიან კარგია, არა, მაგრამ სხვებთან შედარებით ნორმალურია“, – ამბობს გრიგორ შაგინიანი.
უკვე ერთი წელია, რაც ახალქალაქის რაიონის სოფლების მცხოვრებლები მოსავალს დროულად და ნორმალურ ფასად ვერ ყიდიან. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის მოყვანა ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხალხი უკვე კარტოფილის სათესი მიწების ფართობის შემცირებაზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ახალქალაქის საკრებულოში კარტოფილის რეალიზაციის საკითხი განიხილებოდა. შეკრებილებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წერილის მიწერა და დაახლოებით 100 ათასი ტონა კარტოფილის რეალიზაციაში დახმარების თხოვნა გადაწყვიტეს.