1 თებერვლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 83 საბავშვო ბაღის აღმზრდელს დატვირთვა 2,5 საათით გაიზარდა, ასევე 100 ლარით გაიზარდა აღმზრდელების ხელფასი. ხელფასების მატება სოფელ ჩუნჩხაში, სადაც მცირერიცხოვანია, ალტერნატიული საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 6 მასწავლებელს არ ეხება.

27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს, რომლითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დამატებით 90 200 ლარი გამოეყო 83 საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასის 100 ლარით გაზრდის მიზნით.

საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით, ყოველ 15 ბავშვს ერთი აღმზრდელი სჭირდება. 2024 წლის 1 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ყველა ჯგუფში (დიდი და პატარა) მუშაობდა ორი მასწავლებელი, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ. ამ გრაფიკით, სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ასოციაციამ კიდევ 83 მასწავლებელი უნდა დაიქირაოს. ვინაიდან ეს ბევრად უფრო რთული იქნებოდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2,5 საათით გაეზარდა მასწავლებლების დატვირთვა და ხელფასი, რათა უზრუნველყოფილიყო ყოველ 15 მოსწავლეზე ერთი მასწავლებლის მუდმივი ყოფნა. ანუ დიდ ჯგუფებში ერთდროულად ორი აღმზრდელი იმუშავებს.

„ასოციაციას არ შეუძლია დამატებით 83 მასწავლებლის დასაქმება. მერიამ გადაწყვიტა ხელფასი 100 ლარით გაზარდოს, შესაძლოა მომავალ წელს კიდევ გაზარდონ”, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.

თითოეული მასწავლებლის დატვირთვა გაიზარდა 2,5 საათით. ერთი მასწავლებელი მუშაობს 9:00-დან 17:00 საათამდე, მეორე 10:00-დან 18:00 საათამდე, 1 საათის შესვენებით.

აღმზრდელების ხელფასი უკვე 750 ლარს შეადგენს, გადასახადებისა და საპენსიო შენატანების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან ყველა აღმზრდელს ხელფასი 100 ლარით, ხოლო 2024 წლის 1 თებერვლიდან 83 აღმზრდელს კიდევ 100 ლარით გაეზრდება. ალტერნატიულ საბავშვო ბაღებში, ისევე როგორც სოფელ ჩუნჩხას მდებარე ბაღში, სადაც 16 მოსწავლე დადის, პედაგოგები მუშაობას ძველი განრიგით გააგრძელებენ, რის გამოც მათი ხელფასი არ გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, საიდანაც 2 ალტერნატიულია, ანუ მუშაობს ნახევარ განაკვეთზე და კვების გარეშე. საერთო ჯამში, საბავშვო ბაღების ასოციაციას ჰყავს 89 აღმზრდელი და 1270-ზე მეტი ბავშვი.