ალინა უზუნიანს სოციალური დახმარება შეუწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მარტოხელა ქალია და არაერთი დაავადება აწუხებს. ალინა 63 წლისაა, ცხოვრობს სოფელ კულიკამში. 9 თვეა სოციალური დახმარება არ მიუღია, ხოლო ჯანმრთელობის პრობლემები დღითიდღე უარესდება.
ალინას ჯანმრთელობის პრობლემები 1982 წელს დაიწყო. თავდაპირველად თავიდან დაიწყო, მერე მკერდის კიბო დაუდგინეს, ორივე მკერდი მოკვეთეს, მაგრამ სიმსივნე დღემდე აქვს, მოკვეთილი მკერდის მიდამოებში და ფეხებზე დარჩა.
„ავად ვარ, ამჟამად მჭირდება ექიმის დახმარება, დღეს დილით ორი ტკივილგამაყუჩებელი დავლიე, წნევის წამალი ყოველთვის ჯიბეში მაქვს. არ მაქვს ნორმალური საცხოვრებელი, არც ღუმელი, არც აბაზანა, არც ტელევიზორი, არც სარეცხი მანქანა, ამ ზამთარს ჩემი ძმის სახლში მის ოჯახთან ერთად მოვედი საცხოვრებლად. რა ვქნა, იძულებული ვარ, წვიმს – წვეთავს, ეს მამაჩემის სახლია, ის გარდაიცვალა. ახლა არ ვიცი ვის მივმართო ან რა გავაკეთო. სოციალურ სამსახურს დავუკავშირდი, მოვიდნენ, გადაამოწმეს, მითხრეს, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაქვსო, მაგრამ ამ ნაკვეთს ჯანმრთელობის გამო ვერ ვამუშავებ, სოციალური ქულები მაღალი იყო და დახმარება შემიწყვიტეს“, – ამბობს ალინა.
მარტოხელა ქალმა აღარ იცის ვის მიმართოს ან როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ალინა სოციალურ დახმარებას 2023 წლის ივნისამდე იღებდა, მამის გარდაცვალების შემდეგ დახმარება შეუწყდა.
„დაოჯახებული არ ვარ, შვილები არ მყავს, მარტო ვცხოვრობ, არ ვიცი, რა შეიცვალა, რომ შემიწყვიტეს დახმარება, ხოლო დახმარება სულ რაღაც 30 ლარი იყო. წამლებით ვცხოვრობ, სწორედ ამისთვის ვიბრძვი, ისე არ არის, რომ დიდ თანხას მაძლევდნენ და შეაჩერეს“, – ამატებს ის.
ალინას არაერთი დაავადება აწუხებს, რამდენჯერმე გაუკეთდა ოპერაცია როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში, ქიმიოთერაპიის 6 კურსი გაიარა.
„სამი წლის წინ თბილისში ექიმთან ვიყავი, მითხრეს, უნდა მივიდე იმ ექიმებთან, რომლებმაც თავიდანვე გამიკეთეს ოპერაცია და იციან, რა ამოიღეს ოპერაციის დროს და რა დატოვეს. ერთ მხარეს ორი ოპერაცია ჩამიტარდა, მეორე მხარეს – ერთი. მარცხენა მხარე ძალიან მტკივა, ვერ ვუძლებ, დღის უმეტეს ნაწილს მწოლიარე ვატარებ“.
თავიდანვე, როცა დახმარებას ღებულობდა, სოციალური ქულები 63000-ს შეადგენდა, ბოლოს სოციალური მუშაკები მის სახლში ივნისში იყვნენ, ყველაფერი დააფიქსირეს, ერთი თვის შემდეგ კი ალინას სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. საქმე იმაშია, რომ მისი სოციალური ქულა 91470-ს მიაღწია.
„ამის შემდეგ წავედი საავადმყოფოში, ავიღე ფორმა 100, სოციალურ სამსახურში წავიღე, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მივედი, პასუხი არ იყო, ბოლო დროს მივედი და მითხრეს, რომ ჩემი ქულები მაღალი იყო და დახმარება არ მეკუთვნის. მხოლოდ 340 ლარს ვიღებ პენსიას, არ ვიცი, რომელი პრობლემა მოვაგვარო“.
სოციალური სამსახურიდან Jnews-მა შეიტყო, რომ მათ იციან ალინას პრობლემების შესახებ, ასევე აღნიშნეს, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აქვს, მაგრამ მისი ქულა არის 91 470. ივნისში მას დათვლის თაობაზე შეუძლია კვლავ მიმართოს სამსახურს.
რეალურად, ალინა უზუნიანი არ არის ერთადერთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რომელსაც სოციალური დახმარება შეუწყდა. მისნაირი ბევრი გაჭირვებული ადამიანი აღარ იღებს დახმარებას. როგორ მუშაობს სოციალური დახმარების სისტემა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალქალაქში ბევრი მარტოხელა, უსახლკარო და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია.